დუშეთის ბიბლიოთეკა

დუშეთში, ბულვარის ზედა შესასვლელთან გამოფენილი ეს წიგნები ვინმეს თავისუფალი იდეებით სავსე, ახირებული ადამიანის მიერ მოწყობილი მოძრავი ბიბლიოთეკა არ გეგონოთ, არც ლიტერატურის ბუკინისტური გზით გავრცელების მცდელობა.  კარგი იქნება ამ წერილმა თავისი არსით, ამ ერთი შეხედვით პოზიტიური განწყობის ფოტოს შინაარსიდან გამომდინარე, დაგვაფიქროს მთავარ პრობლემაზე და წაგვახალისოს  წიგნის კითხვის ისეთი ღონისძიებებისკენ, სადაც ჩვენთვის ბუნებრივ და საყვარელ გარემოში სახალხო კითხვას გავმართავდით, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ქართული თანამედროვე ტექსტები, ასევე უცხოელი ავტორების ახალი თარგმანები. იქნებ შევძლოთ მომავალ განვითარებაზე გათვლილი ღონისძიებების შემოტანა ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში, რომელიც დღეს მხოლოდ  ფანდურითა და თანამედროვე სალაღობო სიმღერებით არის წარმოდგენილი.

მაგრამ სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეს ასე არაა! ეს ახალგაზრდა კაცი დუშეთის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან გარეთ გასაშრობად გამოტანილ სველ წიგნებს ათვალიერებს ასეთი ინტერესით. დღეს ჩვენი ქალაქის მთავარ და ერთადერთ ბიბლიოთეკას უჭირს, სადაც თითოეული წიგნი წლების მანძილზე ადამიანების მიერ სიყვარულით არის შეგროვებული და დღევანდლამდე მოტანილი.

თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით წიგნის ყიდვის და უფრო მეტიც, წიგნის სხვისთვის ჩუქების სიხარული. წიგნიერების მნიშვნელობის წარმოსაჩენად, ჩვენი ერის დიდი მოღვაწეების სახელების ბრახაბრუხს აქ არ ავტეხთ, მაგრამ ერთ პატარა მომენტს მოგივყვებით ერთი ადამიანის ცხოვრებიდან და დარწმუნებულები ვართ ყველას უფრო მეტად შეგვეხება ბიბლიოთეკის დღევანდელი გასაჭირი:

“1898 წელს ალექსანდრემ გადაწყვიტა სისრულეში მოეყვანა თავისი დიდი ხნის გადაწყვეტლება: თავის სამშობლო დუშეთში გაეხსნა სამკითხველო. ამისათვის შეუკვეთა მაგიდები, სკამები, შეიძინა საკმაო რაოდენობით ქართული და რუსული წიგნები და წინასწარ გამოგზავნა დასალაგებლად სამკითხველოსთვის გამოყოფილ ბინაში. ნივთების გამოგზავნიდან მეორე დღეს მივიღე დეპეშა თბილისიდან, რომლითაც მატყობინებდნენ, რომ ალექსანდრე უკანასკნელ დღეშია და წამოდიო. მაშინვე შევამბეინე “ტროიკა” და გამოვეშურე. ბაზალეთის ტბას რომ დავუპირისპირდი, კობიაანთკარის ზემოთ, შემხვდა ორი ფურგონი დატვირთული საბიბლიოთეკო ნივთებითა. ვკითხე როდის წამოხვედით-თქო. გუშინ შუადღისასო. ბიძაჩემის ჯანმრთელობა ვკითხე – მიპასუხეს – თვითონ გვეხმარებოდა დალაგებაშიო, სრულიად კარგად დავტოვეთ და შენთან დაგვაბარა ეხლავე დაალაგე სამკითხველოშიო. როგორც გამოირკვა მათი წამოსვლიდან სამი საათის შემდეგ, სადილობის შემდეგ უეცრივ გამხდარა ავად, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილა, მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: “ნეტავი კაცმა იცოდეს როდის მოკვდებაო” – აბსოლიტურად გასაგებად და უბრალოდ არის ამ აბზაცში ალექსანდრე როინაშვილის დამოკიდებულება დუშეთის მაშინდელი მოსახლეობისადმი, სამაგალითო ზრუნვა ქალაქის განვითარებისათვის. ასე დაფუძნდა ქალაქის მთავარი წიგნთსაყუდელი ალექსანდრე როინაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე.  პრესაში გამოხმაურება მეტად ხატოვანი გახლდათ: ”დუშელები ისე მისცვივდნენ წიგნებსა, როგორც მშიერი მგლები ცხვრებსა”. ალექსანდრე როინაშვილის ღვაწლი და სახელი გვხვდება ქართული ფოტოგრაფიის, ქართული კულტურული ცხოვრების სათავეებთან თუ საქველმოქმედო თემებზე საუბრისას. უპრიანი იქნებოდა, ეს საუბარი დღევანდელი პრობლემის უფრო მკვეთრად წარმოსაჩენად გაგვეგრძელებინა კიდეც. თუმცა დღევანდელი რეალობა მწვავე თემებისაკენ გვიბიძგებს კვლავ: არის კი არსებული სამართლებრივი მოთხოვნებით მიღებული სტანდარტი ერთ სივრცეში განლაგდეს საბინაო და საზოგადოებრივი მოხმარების ცენტრები?! ცალსახად კონკრეტული მობინადრის დადანაშაულება  წიგნადი ფონდის დაუდევრობით განადგურებაში ვერ გადაჭრის პრობლემას. მართალია ხელისუფლება უზრუნველყოფს მობინადრის დავალდებულებას შეაკეთოს გაუმართავი წყალსადენი მილები და  მიყენებული ზარალი აანაზღაუროს, მაგრამ ამით მხოლოდ ლოკალურად მოვაგვარებთ პრობლემას და მთავარი საკითხი – ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის განლაგება იყოს ადეკვატურ და დაცულ სივრცეში – კვლავ ღიად რჩება. ამ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრებაზე მხოლოდ საბიუჯეტო თანხები არ იხარჯება, მის შევსებაზე ალექსანდრე როინაშვილის მემკვიდრისა და მისი მეგობრების მხრიდან წიგნადი ფონდის შემოწირულობის არაერთი მაგალითი გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ, მოხალისეთა დახმარებით, 2013 წლის  24 ივლისს შეგროვილი იქნა 1447 მოქალაქის ხელმოწერა ილიას სასამართლო შენობის საკითხებთან დაკავშირებით. ეს დაუცველი ძეგლი – ილია ჭავჭავაძის სასამართლოს შენობა, რომელიც დგას გამოფიტული და უფუნქციო, ჩვენი დიდი სატკივარია. შესაძლებელია, რომ სიძნელეს წარმოადგენდეს ამ ისტორიული მნიშვნელობის ადგილის გამოხსნა კერძო მესაკუთრეთა ხელიდან, მაგრამ რა გავაკეთეთ? ველაპარაკებით კი ერთმანეთს? გვაქვს კი ერთმანეთთან ურთიერთობა? ნება თუ გვაქვს? გონიერება თუ გვყოფნის? აზრის და სურვილის გამოთქმის უფლებას ვიტოვებთ და კვლავ გავაჟღერებთ _  დუშეთის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის განთავსებას ილიას სასამართლოს შენობაში ვისურვებდით.

მოგმართავთ ხელისუფლებას: იქნებ დროა მკვეთრად განვსაზღვროთ ქალაქის კულტურული დაწესებულებების ადგილმდებარეობა; საზოგადოებრივი სივრცეების გამოყოფასა და მათ მოწესრიგებაზე ზრუნვის დაწყება. ასეთი ადგილები ქალაქს გააჩნია და მათზე მოთხოვნა დიდია. იქნებ დავფიქრებულიყავით იმაზე, რომ ამ ბორდიურზე გამოფენილი სველი წიგნები ნიშანი უნდა იყოს იმის, თუ სწორად კი ვალაგებთ პრიორიტებს, რაზე ვაკეთებთ აქცენტებს და ზოგადად როგორ ვავითარებთ ამ ქვეყანას? საით მიდის ჩვენი ყოფა-ცხოვრება? ამ სტატიის მიზანი ერთია: გვსურს,  ხელისუფლებამ მეტი შინაარსობრივი და სიმბოლური მნიშვნელობებით დატვირთონ თავიანთი ხედვები ჩვენი დუშეთის დღევანდელი და სამომავლო განვითარების გეგმებში და რეალურად დავადგეთ საზოგადოებრივ საჭიროებებზე ორიენტირებულ სწორი განვითარების გზას.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki