მუსიკა ჩვენთანაა

2017 წლის 31 მარტს, დუშეთის სახელოვნებო სკოლის დარბაზის სცენაზე შესასვლელ კარებში გადაღებულ ამ ფოტოზე იაპონიაში მოღვაწე ჩვენებურის _ დირიჟორისა და მევიოლინეს, გიორგი ბაბუაძის იაპონელი მეგობრებიდან ერთერთია ასახული. დასარტყმელი საკრავების ოსტატმა ვირტუოზულად შეასრულა კულისებიდან სცენაზე, საკუთარ ინსტრუმენტამდე მისასვლელ გზაზე შემხვედრ მასალაზე დაკვრით მუსიკალური პიესა, რაც სანახაობრივადაც ეფექტური იყო. ჩასაბერი საკრავების მიმართულება იშვიათია. ბატონი გიორგი თითოეული ნაწარმოების შესრულებამდე მოკლედ გვაცნობდა ნაწარმოებისა და  ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაციას, რის შემდეგაც დარბაზში ჟღერდა არაჩვეულებრივი ჰანგები. კამერული ანსამბლის მიერ შესრულდა ასევე ქართველი კომპოზიტორების _ ვაჟა აზარაშვილისა და მერაბ მერაბიშვილის ნაწარმოებებიც, რომელთა ორკესტრირების ავტორიც ბატონი გიორგი გახლავთ.

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის თვალსაზრისით შესანიშნავი საღამო გვქონდა. დღეს ხალხური მუსიკა მოთხოვნადია, მშობლიურია, განსხვავებულია, უნიკალურია, თავმოსაწონებელია. მუსიკალურ კულტურაზე, დახვეწილობაზე, გემოვნების ჩამოყალიბებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს კლასიკური მუსიკა, რომელთან შეხებაც დუშეთში ნამდვილად ფუფუნებაა. დუშელებს მეორედ გაგვიმართლა, გახსოვთ ალბათ თბილისის კამერული ორკესტრის კონცერტი წინა წელს.

ამჯერად ამ გამართლების მთავარი ”დამნაშავე” და წამომწყები ფასანაურის მუსიკალური სკოლის ხელმძღვანელი, ბატონი თამაზ მელიწკაური გახლავთ. მაღალმთიან დასახლებაში მუსიკის ჯადოსნურ სამყაროსთან პატარების საზიარებლად ამ პიროვნებას სამუსიკო მეგობართა საზოგადოება აქვს ჩამოყალიბებული, რომლის გეოგრაფიული არეალი ძალზედ შთამბეჭდავია: კანადა, იაპონია, თურქეთი და სხვა ქვეყნები. წარმოუდგენელი, მაგრამ რეალურია, გასაოცარი და სამაგალითოა ნამდვილად! ბატონი გიორგი ბაბუაძე იაპონელ მუსიკოსებთან ერთად სწორედ ამ საზოგადოების წარმომადგენლები გახლავთ. პირველი კონცერტიც სწორედ ფასანაურში შედგა ერთი წლის წინ, ამჯერად კი დუშეთში. ორგანიზებული იყო  სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების კონცერტზე დასწრება. შეზღუდული ადგილების რაოდენობის გამო კულისებში აღმოვჩნდი, ვერც წარმოვიდგენდი იმ უპირატესობას, რითაც ვისარგებლე: მუსიკის ჰანგების მოსმენის გარდა, უდიდესი სიამოვნება მივიღე სცენის მიღმა მუსიკოსების რეაქციებისა და ქცევიდან გამომდინარე. სცენაზე და კულისებში სამყარო ერთნაირად სასიამოვნო, არაჩვეულებრივი და მთლიანი იყო არტისტულობითა და ბუნებრიობით, შესანიშნავი მელოდიით თუ ადამიანური გამოხატულებით.

მინდა ტრადიციად გვექცეს ასეთი მეგობრობა და ასეთ მეგობრებთან შეხვედრები კიდევ და კიდევ, მრავალჟამიერ!

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki