ღამის ხანძარით კიდევ ერთხელ გაცხადებული ამბები

 

 

წლებია, რაც ჩვენი ორგანიზაცია, ხმამაღლა აჟღერებს თემას, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქალაქში განთავსებულ და ხელისუფლებისაგან ფაქტიურად მიტოვებულ ქონებას. ეს საკითხი პრობლემურია და მასზე ყურადღების მისაქცევად ბევრი მიზეზი არსებობს, მათგან ძირითადებია:

1, გამოუვალი მდგომარეობისას ხდება ადამიანების მიერ სხვის ქონებაში უკანონოდ შეჭრა და ისინი ძალაუნებურად ხდებიან კანონდამრღვევნი;

2, ასეთი წესით დაკავებული ფართობები არ შესაბამება  უსაფრთხო გარემოს  სტანდარტებს და საფრთხის შემცველია ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;

3, იმ პირობებში, როდესაც ქალაქში არ გაგვაჩნია საზოგადოებრივი სივრცე, დანაშაულის ტოლფასია უყურადღებობით აქ არსებული ქონების  განადგურებამდე მიყვანა;

4, არ ხდება თუნდაც ზეპირსიტყვიერი მსჯელობის საგანი ქალაქში საბინაო ფონდის განვითარების საკითხი, პრობლემა კი სახეზეა;

5, არანაირ ურბანულ წესებს, სტანდარტებს  არ შეესაბამება გარემოს ისეთი ცვლილება, როდესაც აღრეულია ერთ შენობაში დაწესებულებების, კერძო მაცხოვრებლების, საჯარო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების ერთად ფუნქციონირების ისეთი პრაქტიკა, რომელიც დაამკვიდრა ჩვენმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ (მაგ: ყოფილი პოლიციის შენობა);

6, არსებული გამოწვევების ფონზე, რაშიც პირველ რიგში ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობას ვგულისხმობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე დაყრდნობით, არ ხდება გარკვეული ფართობების გამონთავისუფლებაზე ზრუნვა მათი მესაკუთრეებისათვის ალტერნატიული ფართობების შეთავაზების მიზნით (აქ მხედველობაში გვაქვს პირველ რიგში ილიას სასამართლოს შენობასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შეთავაზებული საკითხის გადაწყვეტის ვარიანტი).

ზემოაღნიშნული პრობლემების ერთობლიობა ცალსახად მეტყველებს ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ქალაქის განვითარების ხედვის უქონლობაზე,  ჰაერივით რომ სჭირდება  დუშეთს (და სამწუხაროდ არა მხოლოდ ხედვის უქონლობაზე).

დუშეთის ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 11 იანვარს მომხდარი ხანძარი ამ პრობლემების დადასტურების სამწუხარო მორიგი რგოლია.

შენობაში მეხუთე წელია ცხოვრობს 5 ოჯახი. ეს შენობა ამ სახით არატიპიურია საყოფაცხოვრებო გამოყენების თვალსაზრისით. ღამით გაჩენილმა ხანძარმა ზამთრის ცივ ღამეში ღია ცის ქვეშ დატოვა ეს ოჯახები, სოციალურად დაუცველები, მათგან ერთი ფეხმძიმეა, ერთი კი არასრულწლოვანი.

დუშეთის პოლიკლინიკის ეს შენობა დღეს სახელმწიფო საკუთრებაა. ისტორია, თუ როგორ აღმოჩნდა გასასხვისებლად გამზადებული ნაკვეთ-ნაკვეთად დანაწევრებული ეს ტერიტორია 2016 წლის 25 ივლისს სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო 30 სექტემბერს კი უკვე სსიპ ”ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი” -ს სარგებლობაში ერთერთ ნაწილზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ”არსებობის ვადით” მინიშნებით, მართლაც საინტერესოა.

არსებული მოცემულობა, როდესაც სახელმწიფო აუდიტის მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ანგარიშში ასახულია შთამბეჭდავ თანხებში ასახული დარღვევები და ნაკლოვანებები, რომლებზეც საზოგადოება ელოდება აუდიტის სამსახურის შემდგომ რეაგირებას; როდესაც უკიდურესად ფორმალიზებულია თემის ჩართულობა ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და  ხელისუფლების მიდგომით დაკნინებულია თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ჩართულობის ინსტიტუტები (მაგალითისათვის _ გამგებლის მრჩეველთა საბჭო), ასეთი გაუმჭვირვალე პროცესებისას, კულუარებს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები არ სარგებლობს საზოგადოების  ნდობით და არც შედეგიანობით გამოირჩევა.

ჩვენს თანამოქალაქეებს არ სჭირდებათ მოწოდება, დახმარების ხელი გაუწოდონ დაზარალებულებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ დაუყონებლივ იქნება უზრუნველყოფილი ყველა დაზარალებული სათანადო დახმარებით იმ ინსტიტუტებისაგან, ვისაც ეს ვალდებულება გააჩნია.

მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს:

  • საჯაროდ და ღიად, უმოკლეს პერიოდში, მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების შესახებ;
  • უზრუნველყონ სახელმწიფო ქონების მართვის, წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ხელმძღვანელობის წარდგენა დუშეთის საზოგადოების წინაშე, საკითხზე სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდების მიზნით;
  • ზემოაღნიშნულ საკითხებზე კი სახელისუფლებო ყურადღებას, ქმედით ნაბიჯებს და საზოგადოებასთან დიალოგის დაწყებას.

 

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki