არჩევნები

siaxleebi adgilobrivi tvitmmartvelobis arcevnebshi

     რა ცვლილებებია თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონდმებლობაში:
   1. სიახლეა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთა შემადგენლობის დაკომპლექტების წესსა და რაოდენობაში. დღეს მოქმედი საკრებულოს 28 წევრიანი შემადგენლობა არჩეული იყო ფორმულით: 10+18, სადაც 10 დეპუტატი წარმოდგენილი იყო პარტიული სიების მიხედვით (პროპორციული), ხოლო ჩვენი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული 18 თემი კი წარმოდგენილი იყო 18 დეპუტატით (მაჟორიტარები). 15 ივნისის არჩევნების შემდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნება 33 დეპუტატი, საიდანაც 18 დეპუტატი წარმოადგენს კვლავ 18 თემის ინტერესს (მათ შორის ქალაქ დუშეთის თემი), ცვლილებაა პარტიული სიით წარმოდგენილ დეპუტატთა რიცხოვნებაში, ნაცვლად 10 დეპუტატისა, იგი წარმოდგენილი იქნება 15 დეპუტატით.
   2. ახალი ცვლილების მიხედვით მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატურის წამოყენების უფლება მხოლოდ პარტიებს გააჩნიათ. მიუხედავად სამოქალაქო სექტორის მხრიდან ამ ცვლილების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დაფიქსირებისა, კანდიდატურის წამოყენების უფლება საინიციატივო ჯგუფებს არ მიეცათ.
  3. მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატების (18 დეპუტატი) წამოყენების უფლება გააჩნიათ როგორც პარტიებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებსაც. ავღნიშნავთ, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მასზე არანაირი პარტიული დავალებები არ ვრცელდება და რომელიმე პარტიის მხრიდან ზეწოლის ხარისხი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასეთი დეპუტატი გამოხატავს მხოლოდ ამომრჩევლის ნებას და მის წინაშეა ვალდებული. იგი კონცეტრირებულია არა პარტიულ, არამედ მოსახლეობის დავალებების შესრულებაზე. ამ ეტაპზე მაჟორიტარების წარსადგენად რეგისტრაცია გაიარა 43-მა საინიციატივო ჯგუფმა, რომელთა მიერ შატილის თემის გარდა, ყველა თემშია კანდიდატურები წარდგენილი, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია.
  4. გვაქვს სიახლე ამომრჩეველთა სიების თემაზეც. ამ არჩევნებზე პირველად იქნება გამოყენებული ბიომეტრიული რეგისტრაციის მასალა.
    5. 15 ივნისის არჩევნებზე მოსულ თითოეულ ამომრჩეველს სამი სახის ბიულეტენი გადაეცემა, მათგან ერთი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატთა გვარ-სახელები, წარმდგენი სუბიეტის მითითებით, მეორე ბიულეტენი საკრებულოს პროპორციული (პარტიული) სისტემით ასარჩევი პარტიებისა თუ ბლოკების ჩამონათვალით, ხოლო მესამე ბიულეტენი კი მოცემულ თემში (მაგალითად, ქალაქ დუშეთში _ ქალაქ დუშეთის თემის, გრემისხევში _ გრემისხევის თემის და ა.შ.) მაჟორიტარული წესით ასარჩევი ბლოკების, პარტიების თუ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატთა გვარ-სახელებით.
     6. გამგებლის ის კანდიდატი მოიპოვებს გამარჯვებას, რომელსაც ხმას მისცემს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა უმრავლესობა, ანუ 50%+1 ხმა, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც მიიღებს სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტ ხმას.
   არჩევნების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე კანონის დარღვევების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, პროცესზე განხორციელდება დაკვირვება. ყველას მოგმართავთ თხოვნით, გამოვიჩინოთ მეტი კანონმორჩილება და სიფხიზლე. ვიმედოვნებთ, რომ კანონის ძირეულ მოთხოვნათა ცოდნა თავიდან აგვაცილებს დარღვევებს საარჩევნო (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს) პროცესში. ნებისმიერ ეტაპზე გამოვაქვეყნებთ (მათ შორის თქვენს მიერ მოწოდებულ ვიდეო, ფოტო და სხვა) არჩვენების პროცესში დაფიქსირებულ დარღვევების ამსახველ მასალას, რომელიც წარდგენილი იქნება შესაბამის უწყებებში კანონით გათვალისწინებული რეაგირების მოხდენის მოთხოვნით.
                                                 არასამთავრობო ორგანიზაცია “კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის”

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki