ბატონებო, სად გააქრეთ 5?

   დიდი მონდომებით ველოდები ყოველ კვირა დღეს _ ჩვენს ბაზარში მივდივარ მთელი კვირის პროდუქტის მარაგის შესაძენად. აქ ვხვდები გლეხს, ყურს ხვდება ჩვენებური სხვადასხვა კუთხური კილოები, ვყიდულობ გლეხურ პროდუქტს, ვიგებ ამ ქვეყნის ამბებს, ვნახულობ ჩემს უნახავ დუშელებს, მოსულ სტუმრებს. ამ პროცესს 3, 4 საათს მაინც ვანდომებ. გული მტკივა, რომ მაკლია ზოგიერთი ძველი, კარგი დუშელის სახე. დასანანია, რომ აქ ვეღარ ვხვდები ტონჩის უგემრიელეს კარტოფილსა და საქვეყნოდ განთქმულ ჭოპორტის პომიდორს.

   ეს გარემო ჩვენებურია, ეს კომუნიკაცია აქაურია, ეს ურთიერთობები დუშურია და ეს ბაზარიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც მხოლოდ შენობები არაა.

   მეორე კვირაა, რაც სხვა მიმსვლელებთან ერთად, პრობლემა შემექმნა ბაზარში მისასვლელად ბექაურის ქუჩაზე გავლისას და ავტომანქანისათვის ბაზართან ახლოს სადგომის მოძებნისას. ქუჩა 2 მეტრით შევიწროვებული დაგვხვდა. მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმე დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ბექაურის ქუჩის სარეაბილიტაციო ხარჯთაღრიცხვის შესყიდვის დოკუმენტაციაში და დადასტურდა, რომ 12 მეტრის სიგანის ქუჩა მართლაც 7 მეტრი სიგანით იყო გადაცემული. მხოლოდ ამ ქუჩის მაცხოვრებელთა სამართლიანი აღშფოთების შემდეგ დაუმატებიათ 2 მეტრი ქუჩისათვის (პროცედურის კანონიერებას ახლა აქ არ განვიხილავთ).

   შესყიდვის მექანიზმი მარტივია: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური განსაზღვრავს პროექტს, ადგენს დეფექტურ აქტს, იძლევა პარამეტრებს (მათ შორის ქუჩის სიგრძე, სიგანე და ა.შ.). ამის მიხედვით ცხადდება საპროექტო დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვის, შემდეგ კი სამუშაოების შესყიდვა.

    12 მეტრიდან 7 მეტრამდე როგორ დახვედით ბატონებო? თავიდან გამიკვირდა და გაოცებისა და სიმწრისაგან გამეცინა. თუმცა, რას უნდა ველოდოთ იმ სამსახურიდან, სადაც არცერთ საჯარო მოხელეს არ გააჩნია უმაღლესი საუნივერსიტეტო ტექნიკური განათლება?!

   დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს გეკითხებით: ჯერ 5 და შემდეგ 2 მეტრი რა უფლებით, სად გააქრეთ ბატონებო?

    დუშეთის მოსახლეობას კვლავ მოგმართავთ თხოვნით: მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენს გვერდით მიმდინარე პროცესების შესახებ, მათ შორის პრობლემური მდგომარეობისას. ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე _  www.ucd.ge  რომლის მასალის ავტომატურ რეჟიმში მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე: http://facebook.com/ucdge და დაალაიქოთ.

beqauri2.jpg

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki