ჩვენი ფუძნარი

22082013684

    ჩვენი ეპარქიის გაზეთ “ფუძნარს” დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა.
 გაზეთისათვის სასაჩუქრე მასალის მოსაპოვებლად, მისი სახელის ფუძეს _ ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას მივაშურეთ. ვსარგებლობთ შემთხვევით და მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწოდებთ მის შესახებ.
 ადგილზე მისულებს ხარაჩოებში ჩასმული ტაძარი შემოგვეგება იმ ადამიანთა გარემოცვაში, რომელთა მზურნველმა ხელმაც მას ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს. მასპინძელი გუნდი საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა: პროექტის დამფინანსებელი _ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი მისი ხელმძღვანელის, ბატონ მერაბ ბოჭოიძეს მეთაურობით, პროექტის ავტორი და რესტავრატორი, ქალბატონი დოდო ჭიკაიძე, სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაცია მუშახელით.
  ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მეცამეტე საუკუნეშია აგებული. ადგილობრივები მას ადგილის დედასაც უწოდებენ. ტაძარი მდებარეობს სოფელ ფუძნარში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, თიანეთისაკენ მიმავალ გზაზე. მკითხველს შევახსენებთ, რომ სწორედ ფუძნარის ეკლესიიდან აღებული პროექტის მიხედვით არის აშენებული ქალაქ დუშეთში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი.
  რით დაიმსახურა ფუძნარმა სპეციალისტთა ასეთი ყურადღება? ეს გახლავთ ამ მხარის მთიანეთში შემორჩენილი ყველაზე ძველი გუმბათოვანი ეკლესია. საერთოდ, გუმბათოვანი ეკლესია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისათვის ნაკლებ დამახასიათებელია და ამდენად იშვიათობას განეკუთვნება.
  ვარაუდობენ, შესაძლებელია ეს ტაძარი ლაშა-გიორგის დროს მისი საყვარელი ქალის, ხარჭად შერაცხული ხათუნას, მიერ იყოს აგებული.
  ტაძარი მეტად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა _ გრუნტის წყალმა საძირკველი გამოურეცხა, რამაც მისი კონსტრუქციული რღვევა გამოიწვია. ამჟამად ტაძრის გარშემო ჩასხმულია ბეტონის სარტყელი გრუნტის წყლის ასაცილებლად. ძეგლის რესტავრაცია 2011 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე ნახევარი მილიონი ლარის სამუშაოებია უკვე შესრულებული. წელს მოხდება სამუშაოების მიყვანა გუმბათის ყელამდე. რესტავრაციისას გამოიყენება როგორც ტაძრის კედლებიდან ჩამოცვენილი და მოხსნილი ქვები (სათითაოდ გადანომრილი ადგილის მიხედვით), ასევე ცაგერის შირიმის ქვაც, რომელიც შემადგენლობით არსებულის ანალოგიაა _ დანალექი ქანებისაგან წარმოქნილი. უშუალოდ რესტავრაციის პროცესისას, ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებიდან გადახვევა. მაგალითად: კედლების გადახრათა სხვადასხვაობის გამო, გუმბათის ყელთან სასურველი პარამეტრების მიღების მიზნით, დამატებით სხვა სამუშაოების შესრულება (კედლების მოჭიმვა) გახდა აუცილებელი. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, ქალბატონი დოდო ჭიკაიძე ყოველწუთიერ ზედამხედველობას უწევს პროცესს და მუშებთან ერთად ხარაჩოებს არ ტოვებს. გაცნობებთ, რომ ფუძნარის ტაძრის სარესტავრაციო პროექტი 2014 წელს დასრულდება.
    ვულოცავთ გაზეთ “ფუძნარს” დაბადების დღეს. ვუსურვებთ ბევრი საინტერესო მასალის მოძიებასა და გამოქვეყნებას, მკითხველის სიმრავლეს.

 

Sorry:
- Picasa feed not found. Please recheck your ID and check that your account/album is set to public, not private.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki