ჩვენი ვარსკვლავების სამჭედლო

ქალაქ დუშეთის სახელოვნებო, ფასანაურის და ჟინვალის სამუსიკო სკოლები გვანებივრებენ ნიჭიერების წარმოჩენით და მათი წარმატებებით. 02 მაისს, პედაგოგ ციცი მასურაშვილის უნიჭიერესი მოსწავლეების, იოანე მექვაბიშვილისა და კესარია კუპრაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა. საფორტეპიანო ანსამბლში ანა ჩანადირი და ნინო ეგიაზაროვიც მონაწილეობდნენ.
საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის, ხელოვანთა კავშირის მიერ დაფუძნებულია კონკურსი ”მომავლის ვარსკვლავი”, რომელიც საერთაშორისოა და მის გამარჯვებულებს გზა ხსნილი აქვთ სხვა საერთაშორისო კონკურსებში. გამარჯვებულებს ჯილდოც შესაფერისი აქვთ: გალა კონცერტებზე დაკვრა, მასტერ კლასებზე დასწრება, ფულადი ჯილდოები და შესაძლებელია დაფინანსების მოპოვებაც სხვა საერთაშორისო კონკურსებზე გასამგზავრებლად. დუშეთს ასეთი სამი გამარჯვებული ყავს: გიორგი წიკლაური, ირაკლი ჭინჭარაული და იოანე მექვაბიშვილი.
გასაოცარი სიფაქიზითა და გრძნობით ასრულებდა იოანე ბახის, ბალანჩივაძის, აზარაშვილის, რახმანინოვის და სხვა კომპოზიტორთა რთულ ნაწარმოებებს. ყველა მოძრაობაში ჩანდა პატარა პიანისტის თავდაჯერებულობა და სცენიურობა. იოანესთან ერთად მთელი დარბაზი იზიარებდა ნიჭიერების, წარმატებით ტკბობის, გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. იოანე უკვე გალა კონცერტისათვის ემზადება. გვაქვს მიწვევები საქართველოშიც და საზღვარგარეთ, იტალიაშიც.
ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის, ”იპოვე შენი ვარსკვლავის”, გამარჯვებული გახლავთ სოლო-კონცერტის მეორე მონაწილე, არაჩვეულებრივი კესარია კუპრაშვილი. კესარია მცხეთიდან დუშეთის სახელოვნებო სკოლაში მისი დედის, ჩვენებური ქალბატონის (ისიც ციცი მასურაშვილის მოსწავლე!) სიყვარულმა ატარა მუსიკასთან საზიარებელ გზაზე.
ამ რესპუბლიკური კონკურსის სხვა ლაურეატებიც გვყავს დუშეთიდან სხვადასხვა ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვებულები. გვინდა გავაჟღეროთ მათი გვარები: იოანე მექვაბიშვილი, ანა ჩანადირი, მარიამ დამაცალაშვილი, სალომე რუხიაშვილი, ნინო ეგიაზაროვი, ხალხური და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების წევრები, ანა და ნანა კვირკველიები, ირაკლი ჭინჭარაული, აჩიკო გორელაშვილი, პაატა ქოჩორაშვილი, გიორგი წიკლაური, სოფო სუარიძე, რეზი ჩიტაური, ანა ჭინჭარაული. ამ გამარჯვების სრულფასოვანი თანამონაწილენი გახლავთ მათი პედაგოგები: ნანა ველთაური, ნინო ბიძინაშვილი, ნანა კაზალიკაშვილი, ლალი ღლონტი, გიული ტუშური, ნინო წიკლაური, მაია სავაძე, მაია ჯანიაშვილი, გულო ჭინჭარაული, თინა მარაული.
კონკურსში ”იპოვე შენი ვარსკვლავი” სისტემატიურად იღებენ მონაწილეობას ჩვენი სამუსიკო სკოლები ქალაქ დუშეთიდან, ჟინვალიდან და ფასანაურიდან. მატულობს წლიდან წლამდე მონაწილეთა რაოდენობაც და მოპოვებული გამარჯვებებიც. მონაწილეობა ფასიანია და ფინანსდება ბიუჯეტიდან. პროფესიონალთა მიერ ჩვენი მონაწილეების შეფასებებში აღინიშნება შესრულების მაღალი ხარისხი და სტაბილურად კარგი დონის ჩვენება.
ასეთ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად იზრდება ჩვენი ბავშვებისა და მათი პედაგოგების ცნობადობა სამუსიკო წრეში. მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალებში, გალა კონცერტებში, მოპოვებული წარმატებები, გაჩენილი პერსპექტივები უთუოდ უწევს პოპულარიზაციას კლასიკურ მუსიკას. ამ პროცესის თანმდევია კომპოზიტორებთან ცოცხალი ურთიერთობები, მუსიკალური ნაწარმოებების პროფესიონალების შესრულებით მოსმენა, ოპერისა და ბალეტის სამყაროსთან შეხება. გვაქვს მუსიკალური ლიტერატურის საჩუქრად გადმოცემის შემთხვევები. სტაბილურად კარგი გამოსვლების გამო დუშეთის მთელი შემადგენლობა პირველად იქნა მიწვეული მერი დავითაშვილის სახელობის ბავშვთა კვირეულში მონაწილეობის მისაღებად კომპოზიტორთა სახლში.
დღეს, დუშეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 180-მდე მოსწავლე იღებს მუსიკალურ განათლებას. წარმატებებს ქმნიან ადამიანები თანმიმდევრული, სიყვარულით გაჯერებული შრომით. ვწუხვართ, რომ ასეთი სიხარულით პედაგოგების შრომის საფასურის შესახებ ვერაფერს ვიტყვით, თუმცაღა საიმედოა ის ფაქტი, რომ კულტურის სამინისტრო მუშაობს სამუსიკო სკოლებში დასაქმებულთა სტატუსის განსაზღვრის საკითხზე, რაც ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საშუალებას მოგვცემს მათი ხელფასი საათობრივი დატვირთვით იქნას ანაზღაურებული, ნაცვლად დღევანდელი მიზერული ანაზღაურებისა.
ქალაქ დუშეთის სამუსიკო სკოლა 2009 წლიდან სახელოვნებო სკოლად გადაიქცა, აქ დღეისათვის სხვადასხვა მიმართულებებიც გვაქვს. ავღნიშნავდით სახვითი ხელოვნების პედაგოგის გელა წიკლაურის მოსწავლეების ხატვის რესპუბლიკურ გამოფენაზე წარმატებას.
დუშეთის სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია კიევის კონსერვატორიის პროფესორი, ტოლია გუცკო, პედაგოგი ლილი გეჯაძის კლასიდან, რომელიც საქართველოს ხშირად სტუმრობს და აუცილებლად ჩვენს ქალაქსაც. ეს ჩვენი დუშეთის ხიბლია, ეს ჩვენი დუშელების ხიბლია. ამის დასტურია ისიც, რომ კონცერტის დღეს, ძველი ფოტოსურათით ხელში დაეძებდა ამ დღის მთავარ შემოქმედს, ქალბატონ ციცის, საქართველოში სტუმრად ჩამოსული მისი კლასელი.
კლასიკური მუსიკა ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელია და ამ მიმართულებით ასეთი წარმატებები სასიამოვნო და მრავლისმთქმელია. ამ ბავშვების შესახებ ინფორმაციის გაჟღერება კი ჩვენი მომავალი გამარჯვებების საწინდარია. გულს ახარებს ჩვენებური ნიჭიერების წარმოჩენა და მათი გამარჯვებები. მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას _ ჩვენი ვარსკვლავების სამჭედლო აუცილებლად იმსახურებს ახალი საკონცერტო კაბინეტური როიალით მატერიალური ბაზის გამდიდრებას!
გვიყვარხართ და გვიხარიხართ! წარმატებებით გევლოთ!

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki