დუშეთის 2013 წლის ბიუჯეტი

   ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩვენი დუშეთის მაცხოვრებლებო!

   გვინდა მოგაწოდოთ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის _ “კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის” მოთხოვნის საფუძველზე გადმოცემული დუშეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია:

   საბიუჯეტო მონაცემების ანალიზი გვაძლევს შემდეგი დასკვნების გაკეთების საფუძველს. გაგაცნობთ ძირითად მოცემულობებს.

I. შემოსავლების ნაწილში:

  • აშკარაა, რომ 2012 წლის ბიუჯეტი იყო პოლიტიკური ბიუჯეტი, ვინაიდან 2012 წელი იყო საარჩევნო წელი. მინიმუმ 2,5-ჯერ არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, რამაც 2012 წელს შეადგინა 6,7 მილიონი ლარი.
  • 2012 წლის ფაქტიური საკუთარი შემოსავალი შეადგენდა 4,3 მილიონ ლარს, 2013 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული საკუთარი შემოსავალი შეადგენს 4,3 მილიონს. ანუ მოხდა ფაქტიური შემოსულობის უცვლელად გეგმაში გადატანა. ამოცანა გამარტივებულია _ შემოსავლის გაზრდაზე ზრუნვა არ არის საჭირო!
  • მნიშვნელოვნად არის შემცირებული “სხვა შემოსავლების” მუხლი, იგი 2013 წელს შეადგენს 2012 წლის შემოსულობის ნახევარს?! შემცირებული თანხა შეადგენს 220 ათას ლარს.
  • ულოგიკოდ არის შემცირებული შემოსავლების ნაწილი დასუფთავების მოსაკრებელის ნაწილში _ 16 %-ით. შემცირება ხდება დასასუფთავებელი ტერიტორიის ფართობის გაზრდის ფონზე, რასაც წესით უნდა მოყვეს ამ მომსახურების მუხლში შემოსავალის გაზრდა.
  • თავის დროზე დავთმეთ ხელისუფლების უნიათობის გამო (ჩვენი _ საზოგადოების, სიჩუმის ფონზე) გუდაურის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურეობა, რაც წარმოადგენს შემოსავლის მიღების სერიოზულ წყაროს დუშეთისათვის. გუდაურის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი შედის დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაში და მას დუშეთის ნაცვლად მომსახურეობას უწევდა თბილისის დასუფთავების სამსახური, შესაბამისად შემოსავალსაც ის იღებდა.
  • ერთადერთი მუხლი, სადაც ფიქსირდება ზრდა, ეს არის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული გათანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერები, რაც თანხაში შეადგენს 300 ათას ლარს.
  • ერთიანი მოცემულობა შემოსავლების ნაწილში მოწმობს, რომ იმ შემოსავლების კლების ფონზე, რომელთა შესრულებაზეც პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლებაა, ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერის ზრდა და ამით არის მიღწეული წინა წლის საკუთარი შემოსავლის ერთიანი მაჩვენებლის 2013 წლის გეგმაში შენარჩუნება.

   II. ხარჯების ნაწილში:

  • გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯი (საკრებულო და გამგეობა), მათ შენახვაზე ბიუჯეტი დახარჯავს 2 მილიონ ლარს, რაც შეადგენს მთლიანი გეგმით გათვალისწინებული შემოსავლის ნახევარს (47%).
  • გამგეობასა და საკრებულოს სტრუქტურებში შტატით მომუშავეთა რაოდენობა (104 პირი) ხელოვნურად არის გაზრდილი 81 ხელშეკრულებით მომუშავე პირით?!
  • საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების მაქსიმუმი არის განსაზღვრული დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით (30 ნოემბერი 2012 წელი, #30) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებად: საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ხელფასი შეადგენს 2650 ლარს, თავმჯდომარის მოადგილის _ 1700, გამგებლის მოადგილის _1300, სამსახურის უფროსების, საკრებულოს აპარატის უფროსის და რწმუნებულთა ხელფასი _ 1000 ლარს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი _ 1350 ლარს, გამგებლის თანაშემწის 790 ლარს, მთავარი სპეციალისტის _ 560 ლარს, წამყვანი სპეციალისტის _ 480 ლარს, უფროსი სპეციალისტის _ 400 ლარს, სპეციალისტის 320 _ ლარს.
  • 2013 წელს გასასტუმრებელი გვაქვს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ნაწილი _ 400 ათასი ლარი.
  • მუნიციპალური საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრობის ხარჯი შემცირებულია ერთი მილიონ 300 ათასი ლარით (4-ჯერ).
  • საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაციის მუხლში მოცემული 439 ათასი ლარი შედგება: 80 ათასი ლარი შატილის ავიაფრებისათვის, 155 ათასი გარე განათების ელექტროენერგიის გადასახადის, 194 ათასი ლარი დუშეთის დასუფთავების სამსახურის მომსახურების ანაზღაურებისათვის და 10 ათასი ლარი გამწვანების სამუშაოებისათვის.
  • მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯები გაიწევა 2013 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებებზე. ამ სფეროებში დაფინანსდება ძირითადად შტატიანი თუ ხელშეკრულებით მომუშავეთა ხელფასები.
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების უზრუნველყოფაზე 2012 წლის გეგმასთან შედარებით 2013 წელს გეგმით გათვალისწინებულია 100 ათასი ლარით ნაკლები.
  • 2013 წლის საბიუჯეტო გეგმაში ნულის ტოლია ისეთი ხარჯების დაფინანსება, როგორიცაა: სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ბაღებისა და სკვერების მოვლა, მუნიციპალური ქონების მოვლა_შენახვა (მ.შ. ზამთარში გზების გაწმენდა ტექნიკური მარილის მოყრა და სხვა), საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, თემის საკუთრებაში არსებული ტექნიკის მოვლა.
  • გასაკვირია სამამულო ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯების 3-ჯერ გაზრდა?! (რა ინფორმაცია გახდა საფუძველი ასეთი ცვლილების?).

 

  ჩვენ უარს ვამბობთ ასეთ ბიუჯეტზე, შენ რას ფიქრობ?

  გაგვიზიარე შენი აზრი, გამოხატე შენი დამოკიდებულება!

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki