დუშეთის მუნიციპალიტეტი

dushmun

 დუშეთის მუნიციალიტეტი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, მისი ცენტრია ქალაქი დუშეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 2981.5 კმ2-ს. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია: ქალაქი დუშეთი, დაბა ჟინვალი, დაბა ფასანაური, 288 სოფლისგან შემდგარი 15 თემი. ეს თემებია: ხეობა, ლაფანანთკარი, ჭოპორტი, ჟინვალი, მაღაროსკარი, უკანაფშავი, ხევსურეთი, შატილი, ქვეშეთი, ფსანაური, გუდამაყარი, ანანური, ბაზალეთი, მჭადიჯვარი, გრემისხევი. ქალაქი დუშეთი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქიდან 42 კილომეტრში, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ.  უფრო ადრეულ პერიოდში სამხედრო გზა თვით სამაზრო ქალაქ დუშეთზე გადიოდა.

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა შეადგენს 33.3 ათას ადამიანს.

  რეგიონის ჰავა ძირითადად ზომიერად ნოტიოა, ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვაქვს მრავალი წყალუხვი მდინარე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – არაგვი და არღუნი. ყველაზე დიდი ტბა არის ბაზალეთის ტბა. დუშეთი გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებითა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, მათ შორისაა: ხადას ულამაზესი ხეობა, როშკის ტბების კომპლექსი აბუდელაურის ხეობაში უზარმაზარი მცოცავი ლოდებით და სხვა მრავალი. ასევე აღსანიშნავია უნიკალური ჟინვალის ხელოვნური წყალსაცავი.

  გეოგრაფიულად დიდ ტერიტორიაზე მდებარეობის გამო რეგიონს გააჩნია მრავალფეროვანი საკურორტო ზონა: ზამთრის სათხილამურო კურორტი – გუდაური, ზაფხულის – ბაზალეთის ტბა. დაბა ფასანაურის სამკურნალო მიკროკლიმატი იზიდავს მრავალ დამსვენებელს. მინერალური წყლები ჩარგალსა (ვაჟას წყარო) და ხადაში (ვეძა) ცნობილია უნიკალური სამკურნალო თვისებებით.

 ისტორიული ძეგლების თვალსაზრისით რეგიონი გამოირჩევა მრავალი რელიგიური და თავდაცვითი ტიპის ნაგებობებით. ბაზილიკის ტიპის მცირე ნაგებობები და ციხეები თითქმის ყველა მოქმედ თუ მიტოვებულ სოფელში გვხვდება. ციხე-კოშკების სიმრავლით გამოირჩევა ხადას ხეობა. მთიულეთის არაგვის ხეობაში მდებარეობს უმნიშვნელოვანესი ანანურის სამონასტრო კომპლექსი. უნიკალურია ხევსურეთში, სოფელ შატილში განთავსებული შატილის ციხე-სიმაგრე, რომელიც ამავდროულად საცხოვრებელ სოფელსაც წარმოადგენს. ბარის ზონაში, სოფელ მჭადიჯვარში, თავს იწონებს XVII საუკუნით დათარიღებული ხუროთმოძღვრული ანსამბლი მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიით.

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუსტად არის განვითარებული მრეწველობა. სამრეწველო პოტენციალის ერთადერთ სიმძლავრეს წარმოადგენს მდინარე არაგვზე აგებული ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური.

 ბულაჩაურისა და ჭოპორტის წყალსაცავების წყლის რესურსი წარმოადგენს დედაქალაქის სასმელი წყლით მომარაგების ერთერთ მთავარ წყაროს.

 დუშეთის მოსახლეობა ბარის ზონაში მისდევს მიწათმოქმედებასა და მემცენარეობას, ხოლო მთის ზონაში კი პრიორიტეტულია მეცხოველეობა, კერძოდ, მესაქონლეობა და მეცხვარეობა. რეგიონში საკვების სახით მოიხმარენ საკუთარ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. მათგან აღსანიშნავია ჭოპორტის პომიდორი, სხვადასხვა კენკროვანები, მთის ყვავილების თაფლი.

 დუშეთის მოსახლეობა განთქმულია მისთვის დამახასიათებელი სამზარეულოთი. აქ სუფრაზე ვერ ნახავთ სხვადასხვა საკაზმით შენელებულ მრავალფეროვან კერძებს, თუმცა ვერ დარჩებით გულგრილი მთიულეთში მოხარშული ხინკლით, ფშავში მომზადებული დამბალხაჭოთი, არაგვის კალმახით, ხევსურეთში გამოხდილი ჟიპიტაურით, ხავიწის ქადით.

  დუშეთი გამოირჩევა ეთნოგრაფიული თვითმყოფადობითაც. რეგიონი განთქმულია ხალხური რეწვის სხვადასხვა სახეობებით, რომელთაგან გამოვყოფდით ბუნებრივი საღებავებით მიღებული ფერებით შეღებილი შალის ძაფით ფარდაგების ქსოვას.

   დუშეთის სახელს უკავშირდება ცნობილ ქართველ მოღვაწეთა სახელები: ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე რომელიც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა აქ, ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი, დავით და გიორგი ერისთავები, დანიელ ჭონქაძე, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გაბრიელ ჭილაშვილი შვილებით, შიო არაგვისპირელი, პლატონ იოსელიანი, გოდერძი ჩოხელი, იკო ზაქაიძე და სხვა…

 ყველა არსებული მოცემულობის გამო დუშეთის რეგიონი მიმზიდველია ტურისტებისთვის და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში ძალიან ხელსაყრელი პირობებია ტურიზმის განვითარებისათვის, რაც რეალური წინაპირობაა ადგილობრივთა დასაქმებისა და თემის მდგრადი განვითარებისათვის.

Sorry:
- Picasa feed not found. Please recheck your ID and check that your account/album is set to public, not private.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki