დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა კონკურსის სამართლებრივი შეფასება

konkursi

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასაკავებელი საკონკურსო პროცესი დაიწყო 2013 წლის 12 ივნისს, როდესაც დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #23 დადგენილებით განისაზღვრა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი სტრუქტურა და შესაბამისად დღის წესრიგში დადგა გამგეობის რეორგანიზაციის საკითხი. კონკურსი წარიმართა ორ ეტაპად: ტესტირება და გასაუბრება. 671 პირის მიერ იქნა საკონკურსო განაცხადი შეტანილი. ტესტირებაზე გამოცხადდა 249 კონკურსანტი, აქედან გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 191.

  კონკურსის მიმდინარეობის მთლიან პროცესზე დაწესებული გვქონდა მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციებს: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “თავისუფალი არჩევანი საქართველოსათვის”, “კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის”, ქალთა ასოციაცია “ბაზალეთი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. 
   კონკურსის სამართლებრივი უზრუნველყოფა:
რას დაეფუძნა და შეესაბამებოდა თუ არა ეს პროცესი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას?
 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კონკურსთან დაკავშირებით გამოცემული აქტებით და კონკურსის მომზადებისა და მიმდინარეობის პროცესში, უხეშად დაირღვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. საკრებულოს მიერ გამოცემული აქტები იყო კანონშეუსაბამო და ზოგიერთი მათგანი ეწინააღმდეგებოდა თავად საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:
• საკრებულოს მიერ 08.07.2013 წლის N 41 განკარგულება წინააღმდეგობაშია საკრებულოს მიერვე 12.06.2013 წლის N 23 დადგენილებით მიღებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. გამგეობის აღნიშნული დებულებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მოხელეთა ატესტაციებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების მიზნით იქმნება მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, ხოლო საკრებულოს N 41 განკარგულებით კი მხოლოდ გამგეობის თანამშრომელთა ვაკანტური ადგილების დასაკავებელი კონკურსის ჩატარება დაევალა დროებით შექმნილ საკონკურსო კომისიას.
• საკრებულოს 09.08.2013 წლის N 52 განკარგულება წინააღმდეგობაშია საკრებულოს მიერ მიღებულ 06.11.2013 წლის N 71 განკარგულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. N 52 განკარგულებით გამოცხადდა საკონკურსო განცხადებების მიღებისათვის დამატებითი ვადა 1-დან 11-ნოემბრამდე. 06 ნოემბერს N 71 განკარგულებით შეიტანეს ცვლილება N 52 განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც დამატებითი ვადის განმსაზღვრელი მუხლი ამოიღეს ამ განკარგულებიდან, ამ ცვლილებას უკუქცევის ძალა მიანიჭეს და ამ საფუძვლით ორ პირს, რომელთაც განაცხადი 05 ნოემბერს ქონდათ შეტანილი, უარი ეთქვათ კონკურსში მონაწილეობაზე.
   ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის” და “თავისუფალი არჩევანი საქართველოსათვის”, ერთობლივი ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელშიც მივუთითეთ ყველა კანონშეუსაბამობაზე. ადმინისტრაციული საჩივრით ჩვენი მოთხოვნის საგანი გახლდათ:

  •   “გამგეობის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” 08.07.2013 წლის საკრებულოს N 34 დადგენილების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით კონკურსში მონაწილეობის უფლება უსამართლოდ შეეზღუდათ იმ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ მათი კვალიფიკაცია “არ შეესაბამებოდათ” დადგენილ მოთხოვნებს. საკრებულოს N 34 დადგენილებით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი იდენტურია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N 120/ნ ბრძანების დანართით მოცემული საკვალიფიკაციო ჩამონათვალისა. ასეთი მიდგომის შედეგად კონკურსში მონაწილეობის უფლება წაერთვათ იმ პირებს, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ მათი კვალიფიკაცია “არ შეესაბამებოდა” საკრებულოს მიერ მოთხოვნილ კვალიფიკაციას. იმ პირთა წრე, რომელთაც გააჩნიათ მოთხოვნილის შესაბამისი კვალიფიკაცია, უკიდურესად ვიწროა. მათი უმრავლესობა ჯერ ისევ აგრძელებს სწავლას და არ დაუტოვებია უნივერსიტეტის კედლები. ამასთან N 34 დადგენილება დაუსაბუთებელია, მასში მოცემული შეზღუდვები მიზანშეუწონელი და გარკვეულწილად დისკრიმინაციულია. ცალკეულ შემთხვევებში ისეთი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია დაწესებული, რომლებიც არ უკავშირდება ამ თანამდებობისათვის დამტკიცებულ სამუშაოთა აღწერილობას და არ გააჩნიათ არანაირი ობიექტური საფუძველი. ამ დადგენილების მიღებამ, რომელიც მიღებული იქნა საკითხის ზერელე, ზედაპირული შესწავლით, გამოიწვია კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა დაუსაბუთებელი შეზღუდვა (მაგალითისათვის, გამგეობის კანცელარიის საქმისმწარმოებლისათვის დადგენილია ‘ბაკალავრის ხარისხი მაინც, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით”!).
  •   “დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნისა და გამგეობის მოხელეთა შესაჩევი კონკურსის მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ” 08.07.2013 წლის საკრებულოს N 41 განკარგულების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: გარდა იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული განკარგულება ეწინააღმდეგება თავად საკრებულოს მიერვე მიღებულ 12.06.2013 წლის N 23 დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობის დებულების N 27 მუხლის მოთხოვნებს, აღნიშნული განკარგულებით საკრებულოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არ მიეკუთვნება მის კომპეტენციას;
  •   “დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მოსამზადებელ დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საკრებულოს 09.08.2013 წლის N 52 განკარგულების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობას, რომელიც ეწინააღმდეგება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N 46 ბრძანებულების მე-6-ე მუხლის მოთხოვნებს; “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N 46 ბრძანებულებით, რომლის მე-6-ე მუხლის თანახმად კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით და არა საკრებულო, რომელმაც აღნიშნული საკითხები დაარეგულირა 09.08.2013 წელს მიღებული განკარგულება N 52-ით. ამდენად, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომლის უფლებამოსილებაც არ გააჩნდა. ასევე, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100-ე მუხლის მოთხოვნაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადის შესახებ მოთხოვნაც;
  •   “დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების გრაფიკის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 19.07.2013 წლის N 2 ბრძანების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობას, რომელიც გამოცემული იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
  •   “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების წესის” არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობას (რომელიც გამოქვეყნდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გამგებლის ბრძანებების განყოფილებაში). აღნიშნულ წესს არ გააჩნდა სავალდებულო რეკვიზიტები: აქტის გამომცემი ორგანოს დასახელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახე, ხელმოწერა და სხვა; 

  კანონსაწინააღმდეგო იყო აღნიშნული კონკურსის მომზადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული მთელი რიგი სხვა გადაწყვეტილებები და მოქმედებები. მოვითხოვეთ საკრებულოს სხდომაზე საკონკურსო თემის განხილვა, შეცდომათა გაანალიზება, კანონშესაბამისი აქტების გამოცემა, კონკურსის ხელახლა გამოცხადება და პროცესის სამართლებრივად წარმართვა.
   ჩვენს მიერ გამოთქმული პრეტენზიები იყო ძალიან კონკრეტული, კარგად არგუმენტირებული და ემყარებოდა კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებს. საკრებულომ არ ჩაატარა სათანადო წესით ადმინისტრაციული წარმოება, არ იმსჯელა ჩვენს განცხადებაზე და არ მიიღო არავითარი გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონკურსის პროცესის ანალოგიურად).
  ჩვენი მიზანი იყო დავხმარებოდით საკრებულოს და საერთოდ თვითმმართველობას, საზოგადოების მხრიდან ნდობის ამაღლებაში როგორც საკონკურსო, ისე მთლიანად მისი მუშაობის პროცესში. ასევე ჩვენი სურვილი იყო, თავიდან ყოფილიყო აცილებული სასამართლო დავები. დღესაც ვთვლით, რომ არასამართლებრივ რეჟიმში წარმართულმა საკონკურსო პროცესმა ყველას ინტერესი დააზიანა: შეიზღუდა კონკურსის მონაწილეობის მსურველი ყველა მოქალაქის კანონიერი უფლება _ დაიკავონ საჯარო თანამდებობა კონკურენტულ და არადისკრიმინაციულ საფუძველზე, ამავდროულად დაირღვა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესები.

    საკონკურსო პროცესი:
საკონკურსო კომისიის წევრის კომპეტენტურობა და მიუკერძოებლობა ობიექტური შეფასების აუცილობელი წინაპირობაა. რამდენად კომპეტენტურნი იყვნენ პროცესის მონაწილენი? ვინ ახორციელებდა შეფასებას? რას აფასებდნენ, ვის აფასებდნენ და შეფასების რა კრიტერიუმები და მეთოდიკა იყო გამოყენებული?
  ტესტირებისას, ერთერთი კონკურსანტის მიერ შედეგის გაპროტესტების შემდეგ გამოიკვეთა კონკურსანტებისათვის მიცემული 100 სატესტო კითხვიდან კომისიის მიერ დაფიქსირებული ორი არასწორი პასუხი.
  საკონკურსო კომისიის ხელმძღვანელს _ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გამგეობაში მომუშავე კადრთან 10 თვიანი ურთიერთობის პერიოდი აკავშირებდა და ამდენად ის ამ პროცესში შიდა შემფასებელს წარმოადგენდა. საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე კადრის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერ მიიღო საკონკურსო კომისიის დადებითი რეკომენდაცია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ან ამ 10 თვის განმავლობაში ამ კადრზე გაცემული ხელფასი და სახელფასო დანამატი იყო საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ან კომისიამ ვერ შეძლო კონკურსანტების სწორად შეფასება? კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა გამგებელსა და სამსახურის უფროსებს შორის კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა, რაც სამართლიანად აღნიშნა კიდეც გულახდილად კომისიის ერთერთმა წევრმა გასაუბრების პროცესში. გარედან მოწვეული კომისიის 4 წევრიდან პროცესში მონაწილეობდა 3 წევრი. გასაუბრების ეტაპი კომისიამ ოთხი წევრით დაიწყო და ბოლო დღე მხოლოდ ერთი წევრით დაამთავრა. აღვნიშნავთ, რომ გასაუბრების უმეტეს ნაწილს კომისია წარმართავდა მისი შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები წევრთა რაოდენობით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები ვერ იქნება ლეგიტიმური.
  კომისიამ ბევრჯერ დაარღვია დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რასაც დასაბუთებულად ვვარაუდობდით კიდეც კონკურსის დაწყებამდე, ვინაიდან კომისიამ არ დაადგინა კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მათი კონკურსზე დასაშვებობის საკითხი. დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობა, (მაგალითად უმაღლესი განათლების უქონლობა) “გაუხსენეს” ზოგიერთ კონკურსანტს მხოლოდ პროცესის ბოლო _ გასაუბრების ეტაპზე. თუმცა კომისიამ თავადვე დაარღვია ეს შეზღუდვა რიგი პირების მიმართ და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით გაუწია მათ რეკომენდაცია საჯარო მოხელედ დანიშვნაზე (ყველა მათგანი დაინიშნა თანამდებობაზე). რეკომენდირებულ პირთაგან 24 პირს არ გააჩნია საჯარო თანამდებობაზე მუშაობის მოთხოვნილი სტაჟი (ასეთი მოთხოვნა იყო 40 საშტატო თანამდებობაზე). არ მომხდარა კომისიის მიერ არცერთ კონკურსანტთან მიმართებაში ელექტრონულ-საკომუნიკაციო სისტემების ფლობის უნარ-ჩვევების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა.
   საკონკურსო კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილ კანდიდატთა შერჩევისას უგულებელყოფილი იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის N 34 დადგენილებით გამგეობის მოხელეთათვის დაწესებული ყველა დამატებითი საკვალიფიკაციო _ პროფესიული ცოდნის, ზოგადი უნარების და პროფესიული უნარების მოთხოვნების კომპონენტი, რაც ძირითადად განათლების ცენზის, საჯარო თანამდებობაზე მუშაობის სტაჟისა და ელექტრონული-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის პროფესიული უნარების მიხედვით კონკურსანტთა მონაცემების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება.
  იგრძნობოდა კომისიის წევრთა მხრიდან კონკურსანტების პოლიტიკური სიმპატიების შესახებ ინფორმაციის ფლობა. აღნიშნული მოცემულობები კომისიის ტენდენციურობაზე და კომისიის მუშაობის შედეგებზე იქნა ასახული, რის მტკიცებულებასაც კონკურსანტებთან გასაუბრების ვიდეო ჩანაწერები და მიღებული შედეგი წარმოადგენს.
  ობიექტური შეფასებისათვის სასურველი იყო გასაუბრების ეტაპზე სპეციალისტების მოწვევა. ეს მექანიზმი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გააზრებული და გამოყენებული. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: კომისიის თავმჯდომარედ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 08.07.2013 წლის N 41 განკარგულებით დაინიშნა ვ. ჩოხელი _ გამგებელი, დუშეთის მუნიცპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 18.07.2013 წლის ბრძანება N 1 –ს საფუძველზე კომისიის წევრებად დაინიშნენ: ლ. თუშური _ დუშეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი, ლ. მნათობიშვილი _ ფიზიკის მასწავლებელთა სერთიფიცირებისათვის მოსამზადებელი ჯგუფების ტრენერი, ნ. ჭინჭარაული _ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე. სპეციალისტთა მოწვევა მიუკერძოებლობის მაღალ ხარისხსაც უზრუნველყოფდა. ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან, მაგრამ პროცესზე საზოგადოების დადებითი შეფასებისა და ნდობის ფაქტორის გაჩენის მიზნით, დახარჯული თანხა შეუდარებლად გამართლებული დანახარჯი იქნებოდა. აღვნიშნავთ, რომ საკრებულოს მხრიდან ვერ მივიღეთ სრული ფინანსური ანგარიში კონკურსთან დაკავშირებით. გადმოცემულ ინფორმაციაში ასახულია მხოლოდ კომისიის წევრებზე _ ლ. მნათობიშვილსა და ნ. ჭინჭარაულზე გაცემული ხელფასი, თითოეულზე 1500-1500 ლარის ოდენობით, საკანცელარიო დანახარჯი 102 ლარი, ტექნიკურ პერსონალზე _ კომისიის კომპიუტერის ოპერატორზე, იგივე კომისიის მდივანზე(?!) გაცემული 2504 ლარის ხელფასი. გასაოცარია ამ უკანასკნელზე ხარჯის გაწევა დღესაც გრძელდება! საკრებულოს ინფორმაციაში ასახული არ იქნა საკრებულოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე დ. ზარდიაშვილზე (რომლის მიერაც იქნა მომზადებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციასა და კონკურსთან დაკავშირებული საკრებულოს, ასევე საკონკურსო კომისიის მიერ გამოცემული ყველა აქტი) გაცემული თანხა 3000 ლარის ოდენობით.
  კონკურსის საინფორმაციო უზრუნველყოფა:
  დროულად არ ხდებოდა მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნება; ხშირად ხდებოდა გრაფიკიდან გადახვევა, რის შესახებაც ინფორმაცია დროულად არ მიეწოდებოდა საზოგადოებას და მათ შორის კონკურსანტებსაც; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას ადგილი ქონდა ვადების სისტემატიურ დარღვევებს, არაკომპეტენტურობასა და დამატებით, კომისიის ტექნიკური პერსონალის მხრიდან უხეშ ქცევას.
  ამ ეტაპზე, კონკურსის დამთავრების შემდეგ:
• დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა 12 პირმა.
საპრეტენზიო კომისიამ:
 7 პირზე გასცა დასკვნა, რომ განმცხადებლები აკმაყოფილებდნენ მათ მიერ მოთხოვნილ თანამდებობაზე გამოცხადებულ მოთხოვნებს, აღნიშნულ ვაკანსიაზე საკონკურსო კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილ კონკურსანტთან შედარებით;
 1 პირზე გაცემული იქნა დასკვნა თანაბარი შესაძლებლობების გამოვლენის შესახებ;
 3 პირზე გაცემული იქნა დასკვნა, რომ საკონკურსო კომისიის მიერ ვაკანსიაზე უკეთესი შედეგის მქონე კონკურსანტი იქნა წარდგენილი;
 1 პირზე უარყოფითი დასკვნა იმის შესახებ, რომ პრეტენზიის მქონე კონკურსანტი ვერ აკმაყოფილებდა აღნიშნული თანამდებობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
   საპრეტენზიო კომისიის დადებითი დასკვნები წარდგენილი იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობებზე დანიშვნის მოთხოვნით. ყველა მათგანს უარი ეთქვა მოთხოვნაზე.

• სასამართლოში სარჩელი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შეიტანა 8 პირმა;
• 14 პირის მიერ შეტანილი იქნა სარჩელი სასამართლოში კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით;
• 1 პირის მიერ შეტანილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი საკრებულოში;
• საკონკურსო კომისიის მიერ საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად არარეკომენდირებული 15 პირი იქნა გამგეობასა და საკრებულოში ხელშეკრულებით აყვანილი;
• დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 05 ივლისის ბრძანება #329-ით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით დამტკიცებულია 82 შტატი. გამგეობასა და საკრებულოში ამ ეტაპზე არასაშტატო თანამდებობაზე მუშაობს 85 პირი. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ ეტაპზე დასაქმებულია სულ 165 პირი;
• საკონკურსო კომისიის მიერ არარეკომენდირებული და საპრეტენზიო კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მქონე 1 პირი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე აყვანილია გამგეობაში სამუშაოდ;
• კონკურსის შედეგების მიხედვით დაკავებული თვითმმართველობის მაღალი რანგის 13 თანამდებობის პირიდან (სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი) თანამდებობა შეუნარჩუნდა 3 პირს; 18 თემის რწმუნებულიდან 13 კონკურსამდე იქნა განთავისუფლებული, ხოლო კონკურსის შემდეგ დარჩენილი 5-დან მხოლოდ 1 პირს შეუნარჩუნდა თანამდებობა.
• კონკურსის შედეგად კონკურსის მონაწილე 23 პირი დაინიშნა იმ საჯარო თანამდებობაზე, რომელზედაც არ ქონდათ განაცხადი შეტანილი, მათგან 7 პირი დაინიშნა სხვა სამსახურში. აღნიშნული ფაქტობრივად ნიშნავს, ამ პირების საჯარო თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშვნას.
• ამ ეტაპზე 2014 წლის 01 იანვრის შემდეგ პერიოდში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსის გავლის გარეშე უშუალოდ გამგეობის სამსახურებში მთავარი და წამყვანი სპეციალისტების თანამდებობებზე სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე სამუშაოზე აყვანილია 34 პირი;
• კონკურსში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიუხედავად, 2 პირი, რომელთაც ვერ დაძლიეს კონკურსის ტესტირების ეტაპი, კვლავ აგრძელებენ კონკურსამდე დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას.
• კონკურსის შედეგად დაკომპლექტებული ოთხი სამსახურის მიერ (კანცელარია, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურები) გამგეობიდან განთავისუფლებული თანამშრომლებისათვის განთავისუფლების ბრძანებების ჩაბარების თითქმის ერთთვიანი პროცესისას გამოვლინდა შემდეგი კანონდარღვევები: ზოგიერთი პირი ერთი და იგივე კანონის სრულიად სხვადასხვა მუხლის მითითებით რამდენიმე სხვადასხვა ბრძანებით იქნა განთავისუფლებული; პირთა აბსოლუტური უმრავლესობა ბუნებაში არ არსებული კანონის _ “საჯარო მოხელის შესახებ”(?!) საქართველოს კანონის საფუძველზე იქნა განთავისუფლებული (ამ კანონის საფუძველზე განთავისუფლებულ პირთა ნაწილის მიერ შეტანილია სასამართლოში სარჩელი);
• სრულიად არაკვალიფიციური პასუხი იქნა გაცემული კომპენსაციების თემაზე;
• კანონსაწინააღმდეგოა კონკურსის წესით შერჩეული მოხელეების დანიშვნა ერთდროულად მოვალეობის შემსრულებლებად და ამავდროულად 3 თვის გამოსცდელი ვადით.
   პროცესის ანალიზიდან გამომდინარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაძლევთ შემდეგ რეკომენდაციებს:
1. დეტალურად უნდა დაიგეგმოს საატესტაციო თუ საკონკურსო პროცესი სამართლებრივი და ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
2. პროცესი უნდა განხორციელდეს წინასწარ სწორად გააზრებული (ანალიზზე დაყრდნობით) კრიტერიუმებისა და გრაფიკის მიხედვით;
3. საკრებულომ უნდა განსაზღვროს დარღვევებისა და ნაკლოვანებების მიზეზები, შეიმუშაოს სათანადო რეკომენდაციები;
4. საკრებულომ უნდა გაანალიზოს და საჯაროდ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული რეორგანიზაცია-კონკურსის პროცესისას დაშვებული შეცდომები და მიღებული შედეგები;
5. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელიც წარმოადგენს ამ პროცესის მხარდამჭერ, სამართლებრივად უზრუნველმყოფელ და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელ პირს, უნდა გააკეთოს საჯარო განცხადება პროცესის შეფასებასთან დაკავშირებით, რომელი განცხადებაც გამოქვეყნებული უნდა იქნას მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.

ა(ა)იპ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”
დუშეთის ოფისის ხელ-ი,  ს. ისაშვილი;

(ა)იპ “თავისუფალი არჩევანი საქართველოსათვის”
მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი, ვ. ბოდაველი;

 (ა)იპ ქალთა ასოციაცია “ბაზალეთის” აღ. დირ-ი, ნ. ხეხელაშვილი;

 (ა)იპ “კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის” 

აღ. დირ-ი, ლ. როინიშვილი.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki