დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის 2014-2015 წლების აუდიტის ანგარიში

9 დეკემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, USAID-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შედგა დუშეთის მუნიციპალიტეტის  2014 – 2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის საჯარო განხილვა. ანგარიში წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ჯგუფის მიერ. სრული ანგარიშის სანახავად მივაკითხეთ სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდს _ http://sao.ge/. მასზე არ იძებნება ზემოხსენებული ანგარიში, ვერც ”დაგუგვლით”  ვიხილეთ შედეგი  _ ის წაშლილია?! აღნიშნულზე აუდიტის სამსახურთან გვექნება შეკითხვა _ რატომ არის წაშლილი მასალა და როდის ვიხილავთ მას საჯაროდ მეტი წვდომისათვის.

აუდიტის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოვლენილია შემდეგი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • საიჯარო ქირიდან მიუღებელი შემოსავლები შეადგენს 51 600 ლარს და 2 800 აშშ დოლარს;
  • დუშეთის ხევის კალაპოტის გამაგრებით სამუშაოებზე დაიხარჯა სულ 979 300 ლარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია და გამოსულია მწყობრიდან. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, უხარისხო იყო როგორც ბეტონის სამუშაოები, ასევე პროექტიც;
  • ახატანი-ბიწმენდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში, სამუშაოების დაუსრულებლობის მიუხედავად, გადახდილია 49 300 ლარი და ასევე შემსრულებელს არ დაერიცხა ვადების დარღვევისათვის ჯარიმა 40 900 ლარის ოდენობით;
  • იოსელიანისა და რაზიკაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, გამგეობის მიერ მაინც ჩაბარებული იქნა ობიექტები და გადახდილი იქნა 387 200 ლარი. ამავე სამუშაოების შესრულებისას გამგეობის მიერ არ იქნა დარიცხული ჯარიმა, მინიმუმ 225 000 ლარი;
  • დაბა ფასანაურის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გამგეობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებლობის გამო დაკარგული იქნა 38 000 ლარის მიღების შესაძლებლობა;
  • 3 533 100 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვისას, გამგეობამ ანაზღაურება მოახდინა არა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, რაც მნიშვნელოვან სხვაობას იწვევს თანხაში, არამედ სრულად _დასახელებული თანხის ოდენობით. აქვე ავღნიშნავთ, რომ შესყიდვების ამ ნაწილში ფიგურირებს შპს ”სოტრი”-სთან გამგეობის ურთიერთობის თემა, რომელი საქმეც საგამოძიებო ორგანოებისათვის არის გადაგზავნილი შემდგომი მოკვლევისათვის;
  • სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელ სამუშაოებზე, დაუსაბუთებლად ვადების გადაწევის გამო, დაკარგული იქნა 39 400 ლარის მიღების შესაძლებლობა;
  • ხევის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებისას გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, გამგეობის მიერ არ იქნა მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო  85 400 ლარის ოდენობით;
  • მიმწოდებლებზე დარიცხული და ამოუღებელი ჯარიმების ოდენობა შეადგენს 7 100 ლარს;
  • სამშენებლო სამუშაოებზე შესყიდული ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შემთხვევების შესწავლისას, აუდიტის მიერ დაფიქსირდა, რომ არცერთი მომსახურება არ აღმოჩნდა სრულად შესრულებული, რის მიუხედავად მაინც გადახდილი იქნა სრული თანხა. ამ მომსახურების ღირებულება შეადგენს 71 000 ლარს;
  • საპროექტო-სახარჯთაღრცხვო დოკუმენტაციის შეძენაში გადახდილი იქნა 514 200 ლარი. შესყიდული პროექტების თითქმის ნახევარს ექსპერტიზა ჩაუტარა საპროექტო ფირმასთან დაკავშირებულმა მხარემ;
  • საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე ხარჯების ანაზღაურების მიზნით გაცემულია 128 700 ლარი და ასევე სადღესასწაულო დღეებში დახმარების სახით 32 000 ლარი;
  • სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულ პირებზე განაცდურისა და კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან ანაზღაურებული იქნა 69 700 ლარი;
  • ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილია 21 900 ლარის დანაკლისი.

ავღნიშნავთ, რომ აუდიტის წარმომადგენელთა მიერ ახსნილი იქნა აუდიტის სამსახურის დანიშნულება და ფუნქციები. ვფიქრობთ, რომ მისასალმებელია ამ სამსახურის მიდგომის ის პრინციპი, როდესაც ის გვევლინება როგორც პარტნიორი. ადგილებზე, შიდა აუდიტის სამსახურების მიერ, დროა გაზიარებული იქნას  ასეთი მიდგომა.

ამავე განხილვაზე წარმოდგენილი იყო ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც. თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადასტურებული იქნა თვითმმართველობის კოდექსიდან მოყვანილი ციტატების ფონზე, რომ თვითმმართველობა ჩვენთან დიდ გასაჭირშია: არც თიანელებს გააჩნიათ საკუთარი ფინანსური რესურსი და არც ცენტრალური ხელისუფლება უფინანსებს ყოველთვის იმ პროექტებს, რომლებსაც დასაფინანსებლად ადგენენ თიანელები.

ამ მონაცემებს გაწვდით შემდგომი განსჯისათვის თქვენ_ჩვენსმკითხველს, რიგით მოქალაქეებს, გადასახადის გადამხდელებს, ვისი შრომითაც იქმნება ბიუჯეტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე, უწყების მიერ მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე მოგაწვდით ინფორმაციას.

 

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki