გინდ დაიჯერეთ, გინდ არა/ზღაპარი

zrapariyo

       იყო და არა იყო-რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი წარმტაცი ქვეყანა, სახელად საქართველო და მის მთიანეთში კი, ერთი პატარა ქალაქი, სახელად დუშეთი.
       ამ ქალაქში იბადებოდნენ და ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც ღვთის ბოძებული ყველა სიკეთე დაჰყვათ დაბადებიდან: ჯანმრთელი სხეული, სუფთა სული, უმშვენიერესი ბუნება და საუკეთესო განცდა ერთიანობის, სიყვარულის, სილამაზის. მოდიოდნენ დასაბამიდან და ერთმანეთისათვის საკუთარი სული ყვავილებივით მიჰქონდათ; ბუნების სიმშვენიერის შესანიშნავი აღქმა ჰქონდათ. ამქვეყნად ყოფნის “ტკბილი სევდაც” კი როდესაც შემოაწვებოდათ, ბუნებაში ეძებდნენ და პოულობდნენ სულის შვებას, ყვავილთა სურნელი მათ ცხოვრებას ელფერს უცვლიდა. ბუნება უნერგავდა ამ ადამიანებს სიცოცხლის, აღტაცების ათასგვარ გრძნობებს. მასთან ურთიერთობით შეიგრძნობდნენ სიცოცხლის ძალას. მის ყოველ ნაწილს აღიქვამდნენ განხორციელებულად და განსულიერებულად: მთა, სალი კლდე, ნაკადული, პატარა ია ისეთივე სიცოცხლით აღვსილნი წარმოუდგებოდათ, როგორც ბულბული, ხარი, შვლის ნუკრი, არწივი, ყოველნი პირუტყვი და მეტყველნი.
        მაგრამ ეს ცხოვრებაც ხომ სიცოცლისა და სიკვდილის, ბოროტისა და კეთილის ბრძოლაა. ერთ დილითაც სიცოცხლის მომსპობი ბოროტი ძალები _ დევები დასახლდნენ სიცოცხლის უარყოფად ამ ქალაქში, თან მოიტანეს: ხელოვნურობა, უშინაარსობა, ფასადურობა, უგულობა. დაიწყო ბუნების ფერების გადაღებვა დამჭკნარი, უსიცოცხლო ნაგავის ფერებით. დაიწყო ადამიანთა გაუცხოება ბუნებასთან. ადამიანებმა დაკარგეს: სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, სიცოცხლისა და სიკვდილის ფერებს შორის, მშვენიერებასა და უგემოვნობას შორის განსხვავების აღქმის უნარი. ყველაფერი ერთიდაიგივე გახდა, დაიკარგა გრძნობები, აღარავინ ცხოვრობდა, მოძრაობდა, იბრძოდა და აღარც ოცნებობდა.
     ის იყო, ნადვილ სილამაზეს გადაჩვეულ ქალაქის მაცხოვრებლებს ლამაზი ფერადოვანი ცისარტყელაც გაებუტათ, რომ გამოჩნდნენ ამ ქალაქში მეტად უცნაური მოდგმის _ გველისმჭამელთა მოდგმის ადამიანები. დაიწყო მათი შერკინება ბოროტ ძალებთან, რამეთუ თუკი ამ ძალთა წყალობით:
                   “ლამის სიკვდილმა სიცოცხლის დაისაკუთროს სახელი,
                    ლამის სიყვარულს დაეწვას ტურფა გვირგვინი იისა,
                    ყველა რაც ამკობს სიცოცხლეს, გახდეს საჭმელად ჭიისა,
                    სადღა ვის უნდა მაშინა ან მზე, ამ მთვარე ცაზედა,
                    ხშირად ყვავილთა ნაქარგი მწვანე ბალახი მთაზედა,
                    გაზაფხულს მოსვლა მერცხლისა, ჩქეფა-ჩხრიალი ხევისა,
                    დღის წასვლა, ღამის დადგომა, სიტკბო ბულბულის სტვენისა”.

      ჰოი საოცრებავ. გველისმჭამელებს ქალაქის გამოღვიძებული და გონს მოსული მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ და ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. ადამიანებმა დაიბრუნეს: სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, სიცოცხლისა და სიკვდილის ფერებს შორის, მშვენიერებასა და უგემოვნობას შორის განსხვავების აღქმის უნარი. დაბრუნდა გრძნობები. მრავალფეროვნებამ, ნათელმა, ხასხასა ბუნებრივმა ფერებმა მოიცვა ირგვლივ ყველაფერი. გაბუტული ცისარტყელაც კი დაუბრუნდა ქალაქს. ყველა ილტვოდა ბუნებისაკენ, როგორც სიცოცხლისა და ცხოვრების უმშვენიერესი და უდიადესი ელემენტისაკენ.
                              “დღეს სამოთხეში ვნეტარობ,
                               დარდი არა მაქვს ხვალისა.
                               იამაც მომცა სალამი,
                               დამ კვლა ძმა იცნო თავისა.
    დღეს ამ სიტყვების ბუბუნით გადმოყურებს და შეხარის ჩვენს პატარა ქალაქსა და სიცოცხლით სავსე ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს კაცობრიობის უდიდესი ბუნების მგოსანიც.

                                    ჭირი იქა, ლხინი აქა,
                                     ქატო იქა, ფქვილი აქა.
                                     კაი თემსა, ქვეყანასა,
                                     შიგაც მთქმელსა, გამგონელსა.
                                     დუშელსა და ჩვენ მოხელეს
                                     ღმერთო, მიეც შენ გაგება.

Sorry:
- Picasa feed not found. Please recheck your ID and check that your account/album is set to public, not private.

 

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki