იცნობდეთ სოფიას

sofia miqelashvili

სოფია მაღაროსკარის საჯარო სკოლის მე-11-ე კლასელია. სოფია მიქელაშვილია და უკანაფშავი მისი დედულეთია. გოგონა მოუთმენლად ელოდება სექტემბერს, განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დაპირებისამებრ, ბევრი ადგილმონაცვლეობის შემდეგ კვლავ რომ დაუბრუნდეს შუაფხოს სკოლას.
სოფია იმ 4 ქართველი მოსწავლეთაგანია, ვინც კანადის დედაქალაქ ოტავაში მდებარე კარლტონის უნივერსიტეტის სტიპენდიანტია!
ეს ფაქტი თქვენც დაგაინტერესებთ!
სოფია სამი წელია, რაც სტიპენდიანტია და მისი სტიპენდიის რაოდენობა ყოველწლიურად 50 დოლარით იზრდება. მართალია თანხა არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სოფიას რომ ვუსმენდი თუ რა როლი ითამაშა ამ ფაქტმა მის ცხოვრებაში, დავრწმუნდი, რომ ჩვენს განათლების სისტემას ყველას გვერდით დგომა სჭირდება სხვა მიდგომების გამოსამუშავებლად. სოფია ამ თანხას არა მხოლოდ კარგ სწავლაში, არამედ სათემო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული წევრობის გამოც იმსახურებს კანადის საგანმანათლებლო სისტემის ღირებულებათა მიხედვით. უნივერსიტეტი გოგონას ოტავაში განათლებისათვისაც იწვევს და საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად დარჩენის შემთხვევაში გარკვეული თანხით სწავლის დაფინანსებასაც პირდება.
კარგი საგნობრივი შეფასებების და თემატურ თუ საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებების გარდა, რით დაიმსახურა სოფიამ კანადელთა ყურადღება, ეს არის მნიშვნელოვანი! საქმე იმაშია, რომ სოფია კლასში მარტო იყო, ურთიერთობები აკლდა. გოგონამ სხვა 7 მოსწავლეც ამოიყენა გვერდში და დაიწყო მათთან ერთად სხვადასხვა საინტერესო თემებზე მუშაობა:
• მთის ქალების ისტორიების მოძიება;
• იმ ადგილების დასურათება და გამოქვეყნება, რომლებიც ულამაზესია, მაგრამ გზიდან მოცილებულია და მგზავრისათვის არ ჩანს;
• ტურისტული მარშრუტების შემუშავებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება-ნიკო კეცხოველის იდეის სარეალიზაციოდ;
• დასუფთავების აქციების ჩატარება;
• ”არა ძალადობას” კამპანიაში ჩართვა და სხვა.
სოფიას ტურიზმის განხრით სურს საუნივერსიტეტო განათლების მიღება. უკვე ვიცი, რომ ყველას ”მოწამლავს” მთის სიყვარულით და მისგან გადადებული ამ სიყვარულით ბევრჯერ დაგვიბრუნდება უკვე სხვებთან ერთად ყველა პირველად მოსული სტუმარიც.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმ ფაქტის მოსმენა, რომ სოფია ახლოა ფოტოხელოვნებასთან და მისი ფოტონამუშევრები ნიუ-იორკის პრესაში დაიბეჭდა. გოგონა სხვებსაც აინტერესებს თავისი იდეებით და ისინი ერთად ანხორციელებენ მათ. ამ ყველაფრის შესახებ სოფია ყოველწლიურ ანგარიშს უმზადებს და უგზავნის კარლტონის უნივერსიტეტს.
სოფია თემის ლიდერია უკვე, რაც სერიოზული და საპატიო ტვირთია. ეს დაინახეს და შეაფასეს კანადელებმა.
ბარაქალა მათ, და ჩვენ?
სოფიას ძმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, დედა ფშავ -ხევსუთის ხეობის ვეტერინარია. ოჯახი არატიპიურ ფართობშია შეფარებული, რომლის დასაკანონებლადაც მივმართვ ხელისუფლებას _გაუჩინეთ ჭერი სამსულიან ამ მთის მოსიყვარულე, მთისათვის საჭირო ოჯახს.
მოქალაქე ლია როინიშვილი კი, სოფიას მაგალითიდან გამომდინარე, ვაწესებ ჩემი წინაპრის, ცნობილი ქველმოქმედის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის სტიპენდიას ქალაქ დუშეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლების ყველაზე გამორჩეული მოსწავლისათვის, რაზედაც შეტყობინება გაეგზავნათ სკოლის დირექციებს. ვისაც გული გერჩით და გსურთ ჩაერთოთ ამ საჭირო და შესანიშნავ საქმეში შემომიერთდით. ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს დამატებით მოგეწოდებათ.
იცნობდეთ სოფიას!

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki