ილია დუშეთში

Copy of 32

კავკასიის მეფისნაცვალის 1864 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, თავადი ილია გრიგორის ძე ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის, დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი. მისი სახელმწიფო სამსახურში გადასვლის მიზეზი გახდა ჟურნალ “საქართველოს მოამბის” დახურვა. საყვარელ საქმეს მოწყვეტილი ილია იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარიყო ფინანსური სახსარის მოსაპოვებლად. ამრიგად, დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე ათი წელი ცხოვრობდა, მსახურობდა და შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა ქალაქ დუშეთში.

ილია გამოირჩეოდა თავისი სამართლიანობით _ სამართლის წინაშე ყველას თანაბარი უფლებებით სარგებლობის საშუალებას აძლევდა, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა.

დუშეთი მაინც პროვინციული ქალაქი იყო, მაგრამ ილია აქედანაც ახერხებდა თვალყური ედევნებინა ჩვენი ქვეყნის ცხოვრების მაჯისცემისათვის. მას უშუალო ურთიერთობა ჰქონდა მოსახლეობასთან, საფუძვლიანად იკვლევდა საზოგადოების პრობლემებს. დუშეთში ყოფნის პერიოდში შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები როგორიცაა: “მგზავრის წერილები”, “გლახის ნაამბობი”, პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუში “ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია”, სატირულ-პუბლიცისტური ლექსები: “გამოცანები”, “კიდევ გამოცანები”, “პასუხის პასუხი”. სწორედ დუშეთში დაიწერა მეტად კოლორიტული პროზაული თხზულება “გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროის სცენები”. ილია თავისი დროის რეალობიდან გამომდინარე არჩევდა საჭირბოროტო საკითხებს და სარკასტული ფორმებით ისე გადმოსცემდა, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობა ენიჭებოდა (“რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით”, “ბედნიერი ერი” და სხვა).

როგორც მოგონებებიდან ირკვევა, ილიას დუშეთში მკვლელობის საქმეც კი გაურჩევია. ქსნის ხეობის სოფელ მორბედაანის მკვიდრ გლეხს, მათე მორბელაძეს, ბრალი ედებოდა მოურავის მკვლელობაში. გლეხმა აღიარებდა დანაშაულს. როდესაც მოსამართლე ჭავჭავაძე მიზეზს ჩაეკითხა, ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე ასეთი ამბავი მოყვა: ზამთრის სიცივეში სოფელში შეშა აღარავის ჰქონდა. რადგანაც ჩვენს სოფელს ტყე არ აქვს, მეზობელი სოფლის ტყეში ჩუმად შეიპარნენ სოფლის ბიჭები, მეთვალყურედ კი ბავშვები დააყენეს. გაუგია ბატონის მოურავს და ხარ-მარხილი წაურთმევია მათთვის. ბავშვები გულგახეთქილები ჩამოცვივდნენ სოფელში და მათესაგან უთხოვიათ შველა. მათეს მოუმარჯვია სანადირო თოფი და მოძალადეებისათვის გზა გადაუჭრია. მოურავმა მათეს დანახვისთანავე არ დაახანა და ესროლა, მაგრამ სამიზნეს ააცილა. მათემ დაუძახა: “სასისხლოდ არ დაგდევნებივარ მოურავო, გაანთავისუფლე ბავშვები და დააბრუნე ხარები”. მოურავმა ყური არ ათხოვა და კიდევ ესროლა ხეს ამოფარებულ გლეხს. ამჯერად გლეხმა დაასწრო და ცხენიდან მკვდარი ჩამოვარდა მოძალადე მოურავი. “აი ჩემი დანაშაული, მე რომ არ მომეკლა, ის მომკლავდაო” – მთელი დარბაზის წინაშე დაასრულა სიტყვა ბრალდებულმა მათე მორბელაძემ. ხალხი დრტვინავდა და სასამართლოს განაჩენს ელოდა. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ ილიამ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და გლეხი სახლში გაუშვეს, რამდენიმე დღეში კი ილიამ მას ჩამორთმეული თოფიც გაუგზავნა. როდესაც მათემ მოსულს ჰკითხა, თუ ვინ იყო ის ღვთისნიერი ადამიანი, მან გაკვირვებულმა უპასუხა: “ ნუთუ არ იცით?! ეს ხომ ილია ჭავჭავაძეა, მაზრის მომრიგებელი მოსამართლე, ცნობილი პოეტი და ღარიბთა დიდი ქომაგი”.

დუშეთიდან ილია ჭავჭავაძე ათწლიანი სამსახურის შემდეგ 1874 წლის მაისში წავიდა. დუშეთის მოსახლეობამ დიდი ზეიმით გააცილა მწერალი. ეს იყო ბრწყინვალე გაცილება, რომელიც არ ახსოვს ქალაქის ისტორიას. მოეწყო დიდი გამოსათხოვარი სადილი. წარჩინებულმა და მადლიერმა საზოგადოებამ ხოტბა შეასხა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას და გზა დაულოცა მომავალ სამოღვაწეო ასპარეზზე. გამომსვლელთა შორის აღსანიშნავია პლატონ იოსელიანის სიტყვა.

დუშეთის საზოგადოების დიდი გულისტკივილია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის ერის მამის ცხოვრების ის მონაკვეთი, რომელიც ქალაქ დუშეთში მისი ყოფნის 10 წლიან პერიოდს უკავშირდება, არ არის სათანადოდ გამომზეურებული და ასახული ილია ჭავჭავაძეზე არსებულ პუბლიკაციებსა თუ ნაშრომებში.

ილიას ქალაქ დუშეთში ყოფნა და მოღვაწეობა ამკობს ჩვენი ქალაქის წარსულსა და მომავალს. ყველა დუშელმა იცის სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა, ყოფილი სასამართლოს შენობა, სადაც დიდი ილია სამართალს განსჯიდა.

დღეს სავალალო მდგომარეობა გვაქვს: შენობა განადგურებულია, ექსპონატები საგურამოშია წაღებული, არ ჩანს პატრონი. მწერალი საბა სულხანიშვილი დუშეთში 2010 წელს ყოფნის შემდეგ ნანახზე დიდი გულისტკივილით ჟურნალ “ჩვენს მწერლობაში” წერდა: “და ცოტა ხანში აღარც მისი საცხოვრისი და აღარც იმ სასამართლოს შენობა, სადაც ილია ჭავჭავაძე შედი-გადიოდა და სამართალს განსჯიდა სოლომონ ბრძენივით, აღარ გვახსენებდეს დამამცირებელი ასოციაციით ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარს, არამედ გაცილებით სასიამოვნო ფიქრებს აღგვიძრავდეს შესასვლელზე გამოკრული მემორიალური დაფა, კიბე აივანი, ოთახები. და იქნებ ლიტერატურულ თავყრილობათა კერადაც ჩაიფიქრონ ამ საქმის მოთავეებმა, რაკიღა დუშეთს არ აკლია ქართული მწერლობის გულშემატკივარი ადამიანები”. მართალიცაა, ქალაქს თავისი წარსული ინახავს და მომავლის პერსპექტივას აძლევს. 

Sorry:
- Picasa feed not found. Please recheck your ID and check that your account/album is set to public, not private.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki