კონკურსი მოკვდა! კონკურსს გაუმარჯოს!

კონკურსების გადადება და გაგრდზელება ქრონიკული პროცესია

      ჩემო მკითხველო, არ შემშლია: კონკურსი მოკვდა! კონკურსს გაუმარჯოს!
  ძალიან მოკლედ და მხოლოდ ზოგიერთ ასპექტზე დაყრდნობით მოგახსენებთ ამ უკვე ქრონიკულად მიმდინარე საკონკურსო ამბავზე:
  2013 წლის 08 ივლისიდან დღემდე დუშეთის, და არა მხოლოდ დუშეთის მაცხოვრებელი მოქალაქენი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო ციებ-ცხელებაშია. გამგეობის ამჟამინდელი მოხელეები იმის მოლოდინში არიან, თუ ტოტალური დაუსაქმებლობის ეპოქალურ ადგილას (დუშეთში) ხვალ ექნებათ თუ არა პურის საყიდლად შემოსავალი, ხოლო გარეთ მომლოდინე, ჩვენი ინფორმაციით 800-მდე უმუშევარი კი (ინფორმაცია რაოდენობის შესახებ გამოვითხოვეთ საკონკურსო კომისიისაგან, დღემდე პასუხი არ გვაქვს), 85 სამუშაო ადგილზე შესაძლო დასაქმების მოლოდინშია.
  ეს საკონკურსო პროცესი, არასამთავრობო სექტორის გარკვეულ წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ, ერთობლივად იქნა გაპროტესტებული. მიზეზები უამრავია: კანონშეუსაბამობა, კანონის უხეში დარღვევები, არარა ადმინიტრაციული აქტებით პროცესის რეგულირება, არაკვალიფიციურობა, ვინმე დ. ზარდიაშვილის იმედად მყოფი კომისია (სხვა რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტები, რომ კონკურსთან დაკავშირებული არცერთი გამოცემული სამართლებრივი აქტი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ყველას ავტორი ზარდიაშვილია და ჩვენ ყოველ გაპროტესტებულ მიმართვას მუნიციპალიტეტის საკრებულო ზარდიაშვილის აგრესიული ტონით გაჟღენთილი, ეთიკურობას მოკლებული, ზოგჯერ ხელმოუწერელი განცხადებითვე პასუხობს. ამ მიზეზთა გამოა, რომ კონკურსი ამ ნახევარი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ გადაიდო. ყველა ასეთ შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებაში ფიგურირებს სიტყვები: “უკეთ ორგანიზების მიზნით”, რომელიც მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს უკეთ ორგანიზების პროცედურები და ის მიზეზები, რომელთა გამოც კომისიამ თავი ვერ გაართვა თავისზე დაკისრებულ ამოცანას, პასუხი არ გვაქვს. ფიქსირდება ის უჩვეულო მერყეობა კომისიის მხრიდან, რაც დამახასიათებელია არაპროფესიონალების ქცევისათვის: უსისტემობა, გადაწყვეტილების ხშირი ცვლა და თან ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად: კომისისამ მიიღო ჯერ გადაწყვეტილება საკონკურსო დოკუმენტაციის დამატებით მიღების შესახებ 1-დან 11 ნოემბრამდე, რაც საკრებულომ ჰუმანურ მოსაზრებად მიიჩნია და დაეთანხმა, შემდგომ კი, 06 ნოემბერს, საკრებულომ უარი თქვა ამ გადაწყვეტილებაზე კვლავ კომისიის მიმართვის საფუძველზე და თან მას უკუქცევის ძალა მიანიჭა! საკრებულომ დაგვიანებით (საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ?!) სცადა გაეზიარებინა ჩვენი ერთერთი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა საშუალო განათლების ცენზის დაწესების საკითხს რიგ საჯარო თანამდებობებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ეს დაგვიანებით მოხდა და ამ მომენტისათვის კი საბედნიეროდ, მხოლოდ მცდელობის სახე ჰქონდა.
   უნდა ავღნიშნოთ, რომ კომისიის მუშაობა არ არის გამჭვირვალედ, საჯაროდ წარმართული. ამის დასტურად შემდეგი ორი მაგალითიც კმარა (ასეთი მაგალითები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება):
• კომისიის მიერ მიღებული, ხელმოუწერელი კონკურსის ჩატარების წესი და პირობებიდან ვგებულობთ, რომ (ეტყობა ეს წესი ამ ტრაგიკომედიის მთავარმა პერსონამ _ დავით ბიძიამ მოუტანა, რომელიც მთელი ამ კონკურსის მსვლელობისას არ ტოვებს კომისიას, მის გვერდითაა და მოძღვრავს) კონკურსანტთან გასაუბრების შემდეგ კონკურსანტთან ერთად ყველა დამკვირვებელი გადის გარეთ და ოთახში კომისიის წევრებთან მარტო დარჩენილი “ყოვლისმცოდნე და კეთილი დავით ბიძია კომისიის წევრებს “უშიფრავს” _ ვინ უპასუხა სწორად და ვინ არა, ვის რა შეფასება უნდა დაუწერონ!
• თითქმის ყოველთვის დარღვეულია კონკურსთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონით დაწესებული ვადები. 2013 წლის 13 ნოემბრის კომისიის #5 საოქმო გადაწყვეტილებით, დამკვირვებელთა რეგისტრაციის ბოლო ვადად 23 ნოემბერი განისაზღვრა. ჩვენი 19 ნოემბრის შეკითხვა, თუ როგორ ხდება ფიზიკური ან იურიდიული დამკვირვებელი პირების რეგისტრაცია და რა დოკუმენტაცია უნდა ყოფილიყო სარეგისტრაციოდ მათი მხრიდან წარდგენილი, დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი.
   სამწუხაროდ, ადგილი აქვს სიმართლის დამალვის ფაქტებსაც. სინამდვილის სიცრუით ჩანაცვლების სამარცხვინო, მაგრამ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეცდომაში წარმატებით შეყვანის შედეგიანი მაგალითია ის ფაქტი, როდესაც 06 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე 1 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე საკონკურსო განცხადებების დამატებით მიღებაზე უარის თქმის მიზეზის განმარტებისას, კომისიის თავმჯდომარემ და დ. ზარდიაშვილმა საოცარი რამ განაცხადეს: საჯარო სამსახური ბიუროს საიტზე (hr.gov.ge, რომელზედაც თავსდება საკონკურსო განცხადებები), ერთ მშვენიერ დღეს, მხოლოდ დუშეთის საკონკურსო კომიიის ინფორმაცია გაეჭედათ! ბრავო! ბარონ მიუნჰაუზენის დამწერსაც კი შეშურდებოდა ამბავი ესე, ამად თქმული!
     დუმს დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი!
    საოცარია, მაგრამ დუმს ყველა კონკურსანტი! ეს ის კონკურსანტები არიან, უშუალოდ და პირდაპირ ვისი ინტერესებიც ილახება. ეს 85 საკონკურსო ადგილი მაინც ყველას არ გეყოფათ ბატონებო და ნეტავი რამდენი თქვენგანი მოისხავს წამებულისა და დაჩაგრულის მანტიას ამ კონკურსის ჩატარების შემდეგ?! 

   ისე, ამდენ შეცდომებზე ამდენჯერ მითითების შემდეგ, კომუნიკაციის სურვილს მაინც გამოთქვამდა გონიერი კაცი. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით 500-ით მეტი უკმაყოფილო ამომრჩეველი (ესაც სულ მცირე, არ ვითვლით ამ პროცესის შემყურე დანარჩენ საზოგადოებას) 85 კმაყოფილის საპირისპიროდ ეყოლება ქართულ ოცნებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში.
  სამაგიეროდ არ დუმს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც განცხადება კონკურსის შესახებ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების თაობაზე, საკრებულოს სხდომაზე ახლახანს თამამად და ხმამაღლა გააკეთა.
   გამახსენდა ბატონებო, 2013 წლის 13 ნოემბრის დუშეთის გამგეობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის # 5 გადაწყვეტილებით ყველა კონკურსანტს 22 ნოემბერს კომისიისაგან სატელეფონო მესიჯის, ან მეილ-ფოსტის მეშვეობით უნდა მისვლიყო შეტყობინება დუშეთის საჯარო სკოლაში 30 ნოემბერს კონკურსის ჩატარების თაობაზე. დღეს 26 ნოემბერია!
       შეტყობინებამიღებულებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ.
 შეტობინებამიუღებლებიც გამოგვეხმაურეთ, რატომაც არა! ჩვენი მისამართია: http://www.facebook.com/ucdge
   ხმამაღლა ვაცხადებთ კიდევ ერთხელ: ჩვენ მხოლოდ სამართლიანობაზე, კანონიერებაზე, ყველას თანასწორობაზე, საჯარო თანამდებობაზე ყველას ერთნაირ ხელმისაწვდომობაზე ვჩივით და ვამბობთ. ჩვენ პერსონათა გვარების ცვლილება კი არ გვინდოდა, არამედ ქცევის, დამოკიდებულებების ცვლილება.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki