დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონკურსის შესახებ

პირველად დუშეთის ისტორიაში გადაწყდა გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარება. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გამგებლის ასარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარემ დააკომპლექტა კომისია. დუშეთის არასამთავრობო სექტორმა მონიტორინგი განახორციელა კონკურსის მიმდინარეობაზე კომისიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმითა და ასევე საკონკურსო პროცესის ეტაპებზე დასწრების გზით. 
   საზოგადოების კითხვას _ რა ნიშნით შეირჩა კომისიის წევრები, ფრიად არალოგიკური, გაუგებარი პასუხი მოყვა.
გამგებლის ასარჩევი კომისიის შექმნა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს უნდა შეექმნა საკონკურსო-საატესტაციო კომისია ყველა პოზიციისათვის და არა მხოლოდ გამგებლის თანამდებობისათვის.
   კანონსაწინააღმდეგოა გამოცხადებული ორეტაპიანი კონკურსის მიხედვით პირველ ეტაპად საბუთების მიხედვით კონკურსანტების გადარჩევის წარმოდგენა. კანონი ცალსახად განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების ეტაპების ჩამონათვალს, რომელ ჩამონათვალშიც არ გვხდება საბუთების მიხედვით კონკურსის ეტაპის ჩატარება. მეორე ეტაპზე კონკურსანტს კომისიისათვის უნდა წარედგინა დუშეთის განვითარების მისეული ხედვა.
   კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი უნდა გასაჯაროვდეს მიღებისთანავე მუნიციპალიტეტის და/ან საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის მეშვეობით. აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო, პირველივე ადმინისტრაციული აქტი შედგენილი და გამოქვეყნებულია არსებული კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
   არასამთავრობო სექტორმა მიმართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციებით. ჩვენი ინიციატივით, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატთანაც დიალოგის რეჟიმში მოხდა არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენელთა პოზიციის დაფიქსირება არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
   ამ აქტივობების შედეგია მუნიციპალური თვითმართველობის ცხოვრებაში არასამთავრობო სექტორისა გააქტიურება და პროცესებში ჩართვა. არასამთავრობო სექტორის გვერდით წარმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც. სწორედ ამ ჩართულობის შედეგად გამოვლინდა დარღვევები, გაჟღერდა კითხვები, რომლებმაც საზოგადოებაში გააჩნია კონკურსის შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემა.
   გამგებლის ასარჩევი კონკურსის ჩატარების იდეა იყო სწორი და წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისათათვის. მაგრამ ამ პროცესის ფორმა და წარმოება მიმდინარეობდა კანონდარღვევებისა და ხარვეზების ფონზე. საჯარო მოხელეთა კონკურსში არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი კითხვები, კანონშეუსაბამობები, რაც იწვევს სამოქალაქო საზოგადოების თვალში კონკურსის წესით მიღებული თვითმმართველობის საჯარო მოხელის არალეგიტიმურობას, ხოლო კონკურსის ჩამტარებელ პირთებთან დაკავშირებით კი არაკომპეტენტურ, მიკერძოებულ და არაპროფესიონალურ პერსონებად აღქმას.
   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლებს დაურიგდათ კითხვარი, რომლის დანიშნულებაშიც გარკვევა მათ ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ შეძლეს. გაჩნდა კვლავ პასუხგაუცემელი კითხვები: რა პროცესებია ჩაფიქრებული, მოსალოდნელია თუ არა ატესტაცია და/ან კონკურსი, რა წესით ჩატარდება, იქნება თუ არა კომისია კომპეტენტური და სხვა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სტრუქტურული ცვლილებები გატარდება თუ არა და რა სახის იქნება ეს ცვლილებები, იქნება თუ არა უფრო მობილური სტრუქტურა.
   მნიშვნელოვანია აგრეთვე იმ აზრის გაჟღერებაც, რომ საზოგადოების რეალური სურვილი და მოთხოვნაა, არა ძველი კადრების ერთიანად დათხოვა და ახალი ნაკადის მიღება, არამედ ადამიანთა პროფესიული უნარჩვევებით მიღება და არსებული სტრუქტურის შეცვლა.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki