პატარა პიანისტი

ჩემს საყვარელ დუშეთის სახელოვნებო სკოლაში მორიგი სტუმრობისას, დარბაზიდან ბახი მომეგება ორხმიანი ინვენციით. ეს ნაწარმოები ტექნიკური თვალსაზრისით გარკვეულ უნარებს და ამასთან კარგ მუსიკალურ გემოვნებას მოითხოვს. ცდუნებას სიამოვნებით ავყევი და ფრთხილად შევაღე დარბაზის კარი. როიალთან თხელი, სიმპატიური ყმაწვილი შემრჩა ხელში, მეექვსეკლასელი არაგვისპირიდან, პედაგოგი გიული ტუშურის კლასი. იცნობდეთ _ გიორგი წიკლაური, სამწლიანი გალა კონცერტების გამოცდილების მქონე, პიანისტობის მოსურნე, მუსიკაზე შეყვარებული _ განსაკუთრებით შოპენის, უკვე ცნობადი _ ხელოვანთა კავშირის ”მომავლის ვარსკვლავი”-ს ლაურეატი 130 კონკურსანტს შორის, სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული საქართველოში თუ მის გარეთ. პედაგოგი გიორგის გულდს ადარებს, კანადელ პიანისტს, ცნობილს ბახის ნაწარმოებების განსხვავებული მანერით შემსრულებელს. ჩუმად, გიორგიმ არ გაგვიგოს _ გიორგი თავადაც ცდილობს მუსიკის შექმნას! ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გიორგი და მისი პედაგოგი რვადღიანი ტურით იქნა მივლინებული ბაქოში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სადაც გიორგიმ მოიპოვა ნომინაცია _ მაყურებლის სიმპატია, მისი პედაგოგი კი საუკეთესო პედაგოგის დიპლომით დაჯილდოვდა. სამწუხაროა, რომ დაფინანსების მოუპოვებლობის გამო, გიორგიმ ვერ შეძლო ვენეციის კონკურსში მონაწილეობის მიღება. ვიცი, რომ გვექნება სხვა მიწვევები და გიორგის გამარჯვებები!
წარმატებები გიორგის და მის პედაგოგს!
ბევრი გულსატკენი ისტორიები მსმენია პროფესიონალთა მიერ შექებული იმ ახალგაზრდების შესახებ, ვისაც დასაკრავი ინსტრუმენტიც კი არ აქვს სახლში, ვისაც სხვა დასახლებაში მუსიკალური განათლების მისაღებად ვერ შეეწყო ხელი ოჯახის ხელმოკლეობის გამო და უარი ეთქვათ. გვაქვს წარმატებების ბევრი ისტორიებიც. დიახ, გვაქვს ისეთი ისტორიებიც, რომლებიც გულს სიამაყით მივსებს _ სოფელში, დანჯღრეულ ინსტრუმენტზე გაზრდილი ჩვენი ჯიშიან-ნიჭიერების წარმატებებზე!
ხელი მოგემართოთ ჩვენებურო ნიჭიერებო!

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki