პლატონ იოსელიანის წიგნი “აღწერა დუშეთისა, თბილისის გუბერნიის ქალაქისა” (1860 წელი)

wigni platon ioselianis

  ყველა დუშელისა და ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის 2012 წელს მოხდა ფრიად სასარგებლო და სასიხარულო ფაქტი: წიგნად გამოიცა ისტორიის მკვლევარის, პლატონ იოსელიანის “აღწერა დუშეთისა, თბილისის გუბერნიის ქალაქისა” თხზულების ქართულ და ინგლისურ ენებზე თარგმანი.

  დუშეთის შესახებ მწირი, არასისტემური და გაფანტული ინფორმაცია ყოველთვის აძნელებდა სრულფასოვანი წარმოდგენის მიღებას ქალაქის შესახებ. ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მცდელობის შემთხვევაშიც ძალიან მშრალ და უღიმღამო მონაცემებს ვხვდებით. გულდასაწყვეტია, როდესაც შენი ქალაქის წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს და ამის შესახებ არაფერია ცნობილი საზოგადოებისათვის. ქალაქი დუშეთის ღირსეულად წარმოჩენას ემსახურება წარმოდგენილი წიგნის გამოცემა.

  პლატონ იოსელიანის წიგნი “აღწერა დუშეთისა, თბილისის გუბერნიის ქალაქისა” ავტორის მიერ დაიწერა და გამოიცა 1860 წელს რუსულ ენაზე. დღემდე წიგნი შეუსწავლელი და ფართო მასებისათვის უცნობი იყო. ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის მიხედვით მისი თარგმნის რამდენიმე მცდელობას ქონდა ადგილი. 2010-2011 წლებში თხზულების ცალკეული ნაწილების შემოკლებული თარგმანი იბეჭდებოდა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის ყოველთვიურ გაზეთ “ფუძნარში”.

   თხზულების ქართულ ენაზე სრული თარგმანის, ასევე ინგლისურ ენაზე შემოკლებული თარგმანის და წიგნად გამოცემის საქმის ორგანიზებას სათავეში ჩაუდგა და სარედაქციო ჯგუფს თავი მოუყარა გამოჩენილი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის შთამომავალმა ლია როინიშვილმა. მასვე ეკუთვნის თხზულების ქართულ ენაზე თარგმანიც. ქართულ ენაზე ტექსტის სარედაქციო ჯგუფის წევრები არიან: გურამ გოგიაშვილი და შორენა თეთრუაშვილი, ჯგუფის ხელმძღვანელია რამინ რამიშვილი. ინგლისურ ენაზე თარგმანის ავტორები არიან მარიამ ზაქარიაშვილი და ინგა ჩხუტიაშვილი. ინგლისური თარგმანის რედაქტირება ეკუთვნის არიანე ჭანტურიას. წიგნის მხატვარია გელა წიკლაური, დიზაინი ეკუთვნის ნატა ნოზაძეს. წიგნი გამოიცა არასამთავრობო ორგანიზაცია “კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის”-მიერ ლია როინიშვილის დაფინანსებით.

  თხზულებაში პლატონ იოსელიანი გულდასმით გადმოგვცემს ინფორმაციას დუშეთის შესახებ _ დაწყებული მისი სახელწოდებიდან ეთნოგრაფიულ შენიშვნებამდე და მიმოიხილავს დუშეთთან დაკავშირებულ ყველა თემას: გეოგრაფიული მდებარეობა, წყლები, კლიმატი, სამოქალაქო და სასულიერო იერარქია, ვაჭრობა, მოქალაქეთა მეურნეობა, დუშეთის შემოგარენის რელიგიურ- ისტორიული ძეგლების აღწერა. ავტორი აგრეთვე მოგვითხრობს საარაგვოს მმართველობის, დუშეთის დროშის, საერთოდ მხარის ისტორიის შესახებ. განსაკუთრებული გრძნობით აღწერს ავტორი ძველ ნაგებობებს და გადმოგვცემს ინფორმაციას პოეტი ჩახრუხაძისა და ძაგნაკორელი მგოსნის შესახებ. ტექსტი მთლიანად გაჟღენთილია ავტორის შესაშური სიყვარულითა და განსაკუთრებული დამოკიდებულებით დუშეთის მიმართ, რაც დიდ პატივისცემას იწვევს მკითხველში და სამაგალითოა ნებისმიერი მოქალაქისათვის.

   წიგნის გამოსაცემად მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა: სარედაქციო ჯგუფის მიერ მოძიებული იქნა უამრავი მასალა, რომელთა მიხედვითაც შეჯერებული იქნა ავტორის მიერ მოყვანილი ფაქტები; ადგილებზე გასვლით გამოკვლეული და მოპოვებული იქნა თემატურად დაკავშირებული სხვა უამრავი მასალა; პარალელურად მიმდინარეობდა ფოტო და ვიდეო გადაღებები. მნიშვნელოვანია სარედაქციო ჯგუფის მიერ გაკეთებული შენიშვნები და განმარტებები, რომელიც წიგნს თან ერთვის.

  წიგნში გამოყენებულია ალექსანდრე როინაშვილის XIX საუკუნის ფოტომასალა, ასევე ეთნოგრაფ ნინო ბრაილაშვილის ჩანახატები, რომელიც სამუშაო ჯგუფთან ერთად სამეცნიერო ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში იმყოფებოდა დუშეთში XX საუკუნის 50-იან წლებში. თანამედროვე დუშეთის ფოტომასალა წარმოდგენილია ახალგაზრდა ფოტოგრაფების გოგა ჩანადირისა და გელა წიკლაურის მიერ. წიგნში აგრეთვე შესულია რამდენიმე ფოტოსურათი ლია როინიშვილის ავტორობით.

 შედეგად მივიღეთ დუშეთზე არსებული საინტერესო თხზულების ყველაზე სრულყოფილი თარგმანის კარგად ილუსტრირებული მაღალი ხარისხის წიგნი. თხზულების ორენოვანი თარგმანის და გამოცემის მიზანი არის ინფორმაციის გავრცელება და ამ ქალაქის მიმართ ინტერესის გაჩენა და გაზრდა. წარმოდგენილი ფოტომასალა აცოცხლებს დუშეთის ისტორიას და ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს ძველი და ახალი დუშეთის ცხოვრებაში.

   წიგნს წინ უძღვის წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის, მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევა.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki