„რამინ რამიშვილი დუშეთს ღმერთმა გამოუგზავნა…“

რამინ რამიშვილის დაბადების დღე

   მახსოვს, ჭილაშვილების სასახლეში პირველად სტუდენტობისას გავედით მეგობრები, სადაც ერთი გასაოცარი მოხუცი გავიცანით. მაშინ თავი ზღაპარში მეგონა, რადგან ასეთი კეთილშობილი, თბილი, განსწავლული ადამიანები მხოლოდ ზღაპრებში სახლობენ… მათ ყოველ სიტყვას სიბრძნე ამძიმებს და შენც გინდა, რომ მხოლოდ უსმინო, დატკბე კეთილშობილი სულის ყურებით… ზღაპარში რომ არ ვიყავით, ცხადი იყო, მაგრამ არც რეალობას ჰგავდა ჭილაშვილების კარ–მიდამო… მოგვიანებით, მასპინძელი უკეთ რომ გავიცანით, მივხვდი, ზღაპრად თავად ექცია იქაურობა და მასთან სტუმრობისას შენც ერთ–ერთი პერსონაჟი ხდებოდი, ოღონდ კეთილი… ისეთი, როგორიც თვითონ იყო…
   ეს უბრალო, უშუალო და თბილი მასპინძელი, რომელმაც გახარებული, პატარა ბავშვივით მოგვატარა მუზეუმის შემოგარენი, ღვაწლმოსილი მეცნიერ–მუშაკი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამინ რამიშვილი გახლდათ…
   ვუყურებდი ბატონ რამინს და გულში ვფიქრობდი, ნუთუ დუშეთში ასეთი კაცი მოღვაწეობს და მასთან ყოველდღე ათობით ადამიანი არ მიდის? არქეოლოგიისას თუ ვერაფერს გაიგებს, კაცობა, ქართველობა, ქრისტიანული აზროვნება ისწავლოს მეთქი? ის კი ჩვენი დანახვით ისე ხარობდა, მასპინძელს ეტყობოდა, სტუმარი მონატრებოდა… მთელი დღე ბატონ რამინთან დავყავით, ზღაპრიდან რეალობაში დაბრუნება გვიმძიმდა, ისიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალ, საინტერესო ისტორიას გვიყვებოდა, გვარიგებდა, რჩევებს გვაძლევდა… შემდეგ ჭილაშვილების ისტორიულ სატრაპეზოში თავისი ნახელავით გაგვიმასპინძლდა… ხელიც გულივით მადლიანი ჰქონდა, ყველაფერი გვეგემრიელა…
   მერე მთელ დუშეთს რამინზე ვესაუბრებოდი, მის გაცნობას ვურჩევდი. მიხაროდა, რომ ჭილაშვილების სასახლეზე მეტად ეს ადამიანი ჰგავდა მუზეუმს… ძველს, არისტოკრატულსა და ფასეულს, რომელსაც მოფრთხილება, დაფასება, ან სულაც მადლიერება სჭირდებოდა, ჩვენ კი არ ვიცნობდით… რას ვიზამთ, ოდითგან ასეა… დიდი ადამიანები ყოველთვის ჩრდილში დგანან, მათ ნაღვაწზე ლეგენდებს ჰყვებიან, თავად კი ხშირად „უსიმღეროდ კვდებიან ბნელში“…
   განუზომელად დიდია მისი ღვაწლი არაგვის ხეობის წინაშე. მისი მეთაურობით უამრავი ძეგლი აღმოჩნდა, აღიწერა… ჩვენი ხეობა მიწიდან შეისწავლა და ჭილაშვილების სასახლე არაგვის ხეობის მემატიანედ აქცია. ამ უძველეს კედლებში არაგვის ხეობის წარსული, აწმყო და მომავალი მოათავსა. დიახ, მომავალი… მე სწორედ ამ მუზეუმში დავინახე ჩვენი ქალაქის მომავალი, რადგან ასეთი კულტურისა და სულიერების მხარე მომავლის გზებს წარსულის შეყვარება–შესწავლის გარეშე ვერ გაიგნებს…
   ზღაპრებშიც ასე ხდება… კეთილი გმირი საიდანღაც გამოჩნდება, დაკისრებულ მისიას აღასრულებს და მერე მიდის… რამინ რამიშვილი დუშეთს ღმერთმა გამოუგზავნა… არაგვის ხეობის ისტორიულ–არქეოლოგიურ ლაბირინთებში ატარა და მერე წაიყვანა…
   როდესაც რამინ ბაბუ (მისი თხოვნით ასე ვეძახდით) გავიცანი, 80 წლის იყო, მასთან ურთიერთობის 4 წელმა უამრავი რამ შემძინა და მიუხედავად იმისა, რომ უფალმა თავისთან იხმო, სულაც არ ვფიქრობ, რომ იგი ცოცხალი აღარ არის, პირიქით, ასეთი ადამიანები სიკვდილს ამარცხებენ და დროსთან ერთად საუკუნეებში უფრო ძალუმად იბადებიან…
   წელს 85 წელი შეუსრულდებოდა ღვაწლმოსილ მეცნიერს… ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ჩვენი დროის ჭეშმარიტ გმირს და იმ სალოცავების მადლი არ მოაკლოს, რომელთაც ობოლი ბავშვებივით ესათუთებოდა მიწის წიაღში და სიცოცხლეს ხელახლა სძენდა…
   და მაინც… ჭილაშვილების სასახლეში ალბათ დიდხანს ვეღარ მივალ. მეშინია, ის სიცარიელე არ ვიგრძნო, რომელსაც კეთილი მოხუცი ავსებდა…
                                                           პატივისცემითა და მონატრებით –
                                                                                                                                მღვდელი დავით ოქრუაშვილი

 

      03 ივლისი ძარღვიანი, ნაღდი დუშელის _ რამინ რამიშვილის დაბადების დღეა. ამქვეყნად ყოფნის ბოლო წუთებამდე დუშეთსა და დუშელებზე საქმედ ქცეული უდიდესი შედეგიანი გარჯის მიუხედავად, კვლავაც ახალგაზრდული აღმაფრენით, გაუგონარი სიყვარულით მსჯელობდა მომავლის თემებზე: გრიგოლობის დღესასწაულის წინაპართა წესის მიხედვით აღდგენაზე; კობიაანთკარის კვირაცხოვლის ეკლესიის დასრულებაზე; ჭილაანთ სასახლის რესტავრაციაზე; ბაბანა ჭილაშვილისა და მისი შვილების გაძარცული საფლავების გაპატიოსნებაზე; დუშეთისა და ღირსეულ დუშელთა შესახებ არსებული მასალის მოპოვებაზე, თავმოყრასა და გამომზეურებაზე და კიდევ რამდენი სხვა, ვინ მოთვლის… 

   ამქვეყნად ნამდვილი დუშელი მოუკვდა შარშან დუშეთს… მასავით თბილ, ალერსიან შემოდგომაზე წავიდა იმქვეყნად.
   დაბადების დღეს გილოცავთ ჩემო უფროსო მეგობარო.

                                                                                        სიყვარულით,
                                                                                                                                 ლია როინიშვილი

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki