რას ნიშნავს სიტყვა “ლგბტ”

    რას ნიშნავს სიტყვა “ლგბტ”? არ ვიცი რას ნიშნავს ან როგორ იშიფრება. ხომ არ არის ეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევართა აღმნიშვნელი სახელების პირველი ასოები?
   მე ვიცი ჩვენს ქალაქში განსხვავებული სექსუალური ქცევისა და მიდრეკილებების მქონე ადამიანთა არსებობის შესახებ, ისინი ჩვენს გვერდით არიან. მე ვიცი მათი საზოგადოებაში ყოფნის წესის შესახებ: მათ ჩვენსავით გააჩნიათ სამეგობრო წრე, ოჯახები, ნათესავები, მუშაობენ, ჩვენსავით ურთიერთობობენ გარშემომყოფებთან. არასოდეს არ გამიგია ვინმესაგან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხმყოფელი მიმართვა, დამცინავი გამოთქმა მათ შესახებ, არ დამინახავს რაიმე ჟესტი, მიმიკა ან ირონია იმის გამომსახველი, რომელიც მიანიშნებდეს მათ ამ განსხვავებულობაზე. არც ამ ადამიანების მხრიდან, თუნდაც სხვათა მონათხრობით, არ გამიგია მათი უფლებების შელახვის შესახებ.
   რა უნდა ვქნათ ჩემო მკითხველო, ეს ადამიანები ასეთებად დაიბადნენ!
   ვფიქრობ, მათგან არცერთს ჩვენთან ურთიერთობებში და საერთოდ, ყოველდღიურობაში, არასოდეს არც შექმნიათ, და ვიტოვებ უფლებას ვიფიქრო, რომ არც მომავალში შეექმნებათ რაიმე პრობლემა ამ განსხვავებულობის გამო. აქვე დავსძენ, რომ არც ჩვენ შეგვექმნება მათგან რაიმე პრობლემა, არცერთი მათგანის მიზანი არ გახდება ჩვენი იდენტურობის წაშლა.
   მაშ, სინამდვილეში რას ემსახურებოდა 17 მაისის თბილისის აქცია რუსთაველის პროსპექტზე?
   ვიღაც თვლის, რომ ასეთი აქცია სტერეოტიპების რღვევაა, ვიღაცისათვის ეს ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების დაცვაა, ზოგიერთისათვის ეს ჩამორჩენილობაა, სიბნელეა, გოიმობაა, ზოგიერთისათვის მართლმადი-დებილების გამოაშკარავებაა და უამრავი სხვა და სხვა.…
   რა იყო ჩემთვის ეს აქცია? ჩემთვის, ქრისტიანული ტაძრის წინ ამ აქციის მოწყობა ჩემი სარწმუნოებრივი ფასეულობების შეურაცხყოფის ცუდი მცდელობაა, ჩემი შემწყნარებლობის დებილობად გამოცხადებაა, ჩემი მოთმინების ზღვარის მიჯნათა გაგების მოსინჯვაა, ჩემი იდენტურობის წაშლის პოლიტიკის მორიგი საზარელი მცდელობაა.
   საერთოდ ვერც მედიის ამ აქციის თემაზე დიდი ხნის წინ ატეხილი აჟიოტაჟიდან შევიტყვე წესიერად სიმართლე რამ. ვერც ზუსტი ახსნა ვერ მოვუძებნე იმ კადრს, სადაც სამღვდელო პირი სკამით ხელში აღმოჩნდა ამ პროცესიაში: მისთვის მოღერებული წაართვა ვინმე აქციის ერთი მხარის მონაწილეს, თუ თავად ფიქრობდა მის გამოყენებას აქციის მეორე მხარის მონაწილეთათვის? ვერც იმას ვიგებ, რატომ უნდა სჭიდებოდეს სამღვდელო პირს ეკლესიაში ქადაგებისას პოლიტიკური შინაარსის ტექსტების ჩართვა.
   ჩემო მკითხველო, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენი დაულაგებელი ქვეყნისა და ყოფის ბრალია. ეს იმის შედეგია, როდესაც გვჩრიან სახეში ჩვენთვის მიუღებელ, ტრადიციებით დაგმობილ, სირცხილად მიჩნეულ უცხო ზნე-ჩვეულებებს; ჩვენი მენტალობისათვის მიუღებელს და გაუგებარს. ეს იმის შედეგია, როდესაც სასულიერო პირების საერო კაცად ყოფნა გარდაუვალი რომ ხდება მაშინ, როდესაც ომისას მთავარსარდალი ვერ მთავარსარდლობს და უწმინდესის საზრუნავი ხდება ომის წინა ხაზზე ფიზიკურად ყოფნა დატყვევებულთა გამოსახსნელად, მიცვალებულთა დასაბრუნებლად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე მტერთან დასალაპარაკებლად. ეს იმის შედეგია, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკა ტარდება ადამიანთა გენდერული თუ რელიგიური იდენტურობის წასაშლელად, როდესაც ნორმიდან გადახრა ნორმად ცხადდება.
კი მაგრამ, მთელ ამ დროს სად ვიყავით, ან ახლა რას ვაკეთებთ?!
   არ მინდა ვინმეს კვლავაც მიეცეს საშუალება ჩვენი ზომიერებას გადასული სიჩუმით ან ზომიერებას გადასული ყიჟინით ცუდად ისარგებლოს. ხომ უნდა ვისწავლოთ ბოლოს და ბოლოს, დროულად-თავის დროზე, სათქმელის თქმაც და საქმის ძალადობის გარეშე, მის გაფუჭებამდე კეთებაც.
    მოდი ახლა და, ჩემო ტრადიციული თუ არატრადიციული სექსუალური მიდრეკილების მქონე მეგობარო, ჩვენ _ მე და შენ, გავაგრძელოთ სიყვარულით, სიმშვიდით, ერთმანეთის პატივისცემით ეს ცხოვრება.
    მინდა კვლავაც ყველამ იცოდეს: ჩემთვის, ჩვენთვის, ქართველი ადამიანისათვის, და საერთოდ, ყველა სხვა ეროვნების ადამიანთა უმრავლესობისთვისაც, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების გმირების მსგავსი მამაკაცების, ან ჩემი კარგი მეგობრების _ ჩემი გოგოებისა და ჩემი ბიჭების, ურთიერთმოხვევა და კოცნა, ერთმანეთის ვნებიან ნდომად აღქმა არასოდეს არ მოხდება. ჩვენ ასეთ პოლიტიკას აქ არ დავუშვებთ.
  და ჩემო მკითხველო, იქნებ სიფრთხილისათვის მაინც უნდა ვიცოდე, რას ნიშნავს სიტყვა “ლგბტ”.

 

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki