რატომ გვექცნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მტრად?!

dushetshi arsebuli dzarlebis probleis shesaxeb

   მე და ამ ცხოვრების ბედუკუღმართობიდან გამომდინარე, ამერიკაში ოჯახის გადასარჩენად დიდი ხნის წინ წასულმა ჩემმა მეგობრებმა, გადავწყვიტეთ ერთმანეთს შუა გზისაყარზე _ ევროპაში შევხვედროდით ერთმანეთს. მეორე წელია რაც დაგეგმილი შეხვედრისათვის ვემზადებით. შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზი ადამიანის ოთხფეხა მეგობარი ძაღლია. იგი დუშეთში არ ცხოვრობს, ის ამერიკის მკვიდრია. დუშელი თვისტომებისაგან განსხვავებით, მას არც ადამიანები დაუგლეჯავს, არც შეუშინებია, არც დასდევნებია, არც რაიმე ტიპის ზიანი არ მიუყენებია _ ის რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემი მეგობრის ეზოდან გასული, გამვლელმა დააფიქსირა, რომელმაც შესაბამის სამსახურს აცნობა მის შესახებ. დროის უმოკლეს პერიოდში მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ძაღლი გადაყვანილი იქნა სპეციალურ თავშესაფარში, ჩემს მეგობარს კი იძულებით მოუწია სამშენებლო დაკვეთის განხორციელება: საკუთარ ეზოში კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების, სამშენებლო ნორმების დაცვითა და განსაზღვრული პარამეტრებით, ძაღლის დახურული თავშესაფარის მოწყობა. მშენებლობამ, ჯარიმამ, ძაღლის თავშესაფარში შენახვის ხარჯებმა ჩვენი ევროპული ტურნეს დაფინანსებაც შეიწირა.

     რაც მოგიყევით, ის ამერიკაში მოხდა. რა ხდება ჩვენთან დუშეთში?.
  მიმდინარე წლის 13 მაისს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლთა ნაწილი შევხვდით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ვაჟა ჩოხელს სამ თემაზე სასაუბროდ: დუშეთის ნაგავსაყრელის, სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და ძაღლების საკითხებთან დაკავშირებით. გაჟღერებულ თითოეულ თემაზე ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნა კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები.
  03 ივნისს ჩვენმა ორგანიზაციამ წერილობითი სახით კვლავ მიმართა გამგეობას, არსებული მდგომარეობის შესაცვლელად მათ მიერ გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.
    05 ივლისს მიღებული გამგებლის მიერ ხელმოწერილი პასუხიდან ვახდენთ ციტირებას: “უპატრონო ძაღლების საკითხი სერიოზული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვან თანხებთანაა დაკავშირებული და მის გადასაწყვეტად მზად ვართ განვიხილოთ საზოგადოებრიობის წინადადებები და მოსაზრებები”.
   ამასობაში, ოფიციალური მონაცემებით მარტის თვიდან მოყოლებული, ძაღლების მიერ დაგლეჯილი ადამინების რაოდენობა ყოველ თვეს ქალაქ დუშეთში 30 კაცს აჭარბებს. სტატისტიკა მზარდია და და ჯამში დღევანდელი მონაცემებით უკვე 200-ს მიუახლოვდა. დაზარალებულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ფსიქოლოგიური ტრამვის გადატანის გარდა, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსიც გაიღო მკურნალობისათვის, ზოგიერთმა კი უსახსრობის გამო საკუთარი და გარშემომყოფთა რისკის ფასად, ვერც მიაკითხა სამკურნალო დაწესებულებას.
    ბატონო ვაჟა, უკვე ასეთი ღია მომართვის სახით, კიდევ ერთხელ გაწვდით წინადადებებს საკითხის მოსაწესრიგებლად:
• დაუყონებლივ გამონახეთ დაფინანსება იმ გადაუდებელი აუცილებლობისათვის, რაც ამ ქალაქში ძაღლების თარეშის აღკვეთისათვის არის აუცილებელი _ უნდა მოხდეს ქალაქის მთლიან პერიმეტრზე ამ საქმის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ძაღლების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალურ თავშესაფარში (გამრავლება სახეზეა, ლეკვებიც მალე საყვარელი არსებებიდან საშიშ არსებებად იქცევიან);
• დაფინანსება მოახდინეთ სხვა შესყიდვების განხორციელებისას მიღებული ეკონომიიდან, ან ყოველთვიურად სხვადასხვა პერსონებზე გაცემული საპრემიო თუ დანამატების თანხიდან;
• თუ არცერთი ზემოთ მითითებული დაფინანსების წყაროდან “მნიშვნელოვან თანხებს” ვერ მოუყრით თავს, მაშინ ხელისუფლებამ მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არა ძაღლების, არამედ ადამიანთა დაცვაზეა მიმართული;
• საფრთხეს მარტო მაწანწალა ძაღლები კი არა, არამედ “პატრონიანი” ძაღლებიც გვიქმნიან. კერძო სახლებიდან ღობეს გადმოვლებული “პატრონიანი” ძაღლების დევნით შეშინებულებმა, იძულების წესით შევწყვიტეთ დილის და საღამოს საათებში ვარჯიში დუშეთის მიმდებარედ გაშენებულ ფიჭვნარში. არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების ამოქმედებით უნდა მიაღწიოთ მესაკუთრეთა მიერ ძაღლების ეზოდან გამოუსვლელობის უზრუნველყოფას.
   ამ ქალაქში მოსული სტუმრისთვისაც და ადგილობრივი მკვიდრისათვისაც, დღისითაც კი უკვე საფრთხის შემცველია ჩვენს ქალაქში გავლა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მიიღოთ შესაბამისი ზომები დაუყონებლივ და აიღოთ პასუხისმგებლობა დუშელებისა და ქალაქის სტუმრების უსაფრთხოებაზე (სამწუხაროდ, უკვე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩამოსულმა სტუმრებმა ამ საფრთხის გამო უარი განაცხადეს დუშეთში დასვენებაზე).
   მოქალაქეებს მივმართავთ თხოვნით: შემოგვიერთდით კომენტარებით, ან თუნდაც მოწონება-დალაიქებით გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება საკითხისადმი. შეგიძლიათ თემაზე მოგვაწოდოთ ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც გამოქვეყნებული იქნება ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (ucd.ge)

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki