რეორგანიზაცია

reorganizacia

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს,
ბატონ ვ. ჩოხელს,
ასლი: საკრებულოს თავმჯდომარეს,
ქალბატონ ც. საძაგლიშვილს,
დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს,
ბატონ ე. ტრიპოლსკის
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა

ე რ თ ო ბ ლ ი ვ ი  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებს, წინადადებებსა და ძირითად შენიშვნებს:
    ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში უნდა წარმოდგენილი ყოფილი განმარტებითი წერილი (მოტივაცია) თუ რის გამო შეიქმნა რეორგანიზაციის საჭიროება: გაანალიზდა არსებული სტრუქტურა და წარმოჩენილი იქნა ამ სტრუქტურის (რიგი სამსახურების) არამობილურობა, მოუქნელობა, გამოვლენილი იქნა ამ სტრუქტურის სუსტი ადგილები, თუ სხვა რამ მნიშვნელოვანი კონკრეტული მიზეზი ან მიზეზთა ერთობლიობა. ანალიზი და აქედან გამომდინარე მოტივაცია წარმოადგენს ერთადერთ გამართლებულ საფუძველს რეორგანიზაციის პროცესის აუცილებლობის. 
   როდესაც არ არის მოცემული (არ გამოგიქვეყნებიათ) არც არსებული სტრუქტურა, არც არსებული სამსახურების დებულებები, რთულია შედარება: რა იყო, რას გვთავაზობთ ახალს, რა ცვლილებებია სახეზე. ჩვენს მიერ მოძიებული მონაცემების შედარებით გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რაოდენობაში მცირე ცვლილებაა, ხოლო ტერიტორიულ ორგანოთა რაოდენობა ერთიდაიგივეა. არაფერია ნათქვამი სახანძრო-სამაშველო და სამხედრო გაწვევის სამსახურებში შესაძლო ცვლილებებზე.
 ახალ დოკუმენტაციაში არ იკითხება ინფორმაცია გამგეობის ჯამური საშტატო ერთეულების რაოდენობის დასადგენად. რეორგანიზაციის თემაზე მოწყობილ ღონისძიებაზე, რეორგანიზაციის წარმოდგენილი ვარიანტის ავტორის მიერ ითქვა, რომ საშტატო ერთეულების რაოდენობაში ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აქედან გამომდინარე, თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციის შესანახი საბიუჯეტო სახსრები ან იგივე რჩება, ან იზრდება (ამ ხარჯების გაუმართლებელი ოდენობის შესახებ არასამთავრობო სექტორმა უარყოფითი აზრი უკვე დავაფიქსირეთ).
   არ არის დაცული სტრუქტურაში საფეხურობრივი თანაბრობის პრინციპი. მაგალითად: ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობა ერთი სამსახურის ფუნქციაა, მეორე სამსახურმა კი უნდა უზრუნველყოს საკასო ოპერაციების შესრულება. გამოდის, რომ გამგეობის ერთი სამსახური ზედამხედველობას უწევს მეორე სამსახურს! გაუგებარია შინაარსობრივად სამსახურისა თუ განყოფილების ზოგიერთი ფუნქციის რეალური მნიშვნელობა _ კონკრეტულად რა საქმიანობაზეა ლაპარაკი. მაგ: რას ნიშნავს მუნიციპალიტეტის ბუღალტერიის მიერ “მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხის მართვა”? ამ შემთხვევაში რას გულისხმობს ავტორი და რას ამბობს კანონი?
   იმ მოცემულობაში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ლაპარაკია ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე განხორციელებაზე, გაუმართლებლად მიგვაჩნია შესყიდვების სამსახურის მნიშვნელობის დაკნინება: შტატების შემცირება 50 %-ით, სხვა სამსახურის დაქვემდებარებაში გადაყვანა, მისი ფუნქციების მექანიკურ ქმედებებად დაშლა.

   გაუგებარია, თუ რას ნიშნავს გამგეობის ტერიტორიული ორგანოსა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებებით განსაზღვრული ერთი და იგივე ფუნქცია _ მუნიციპალური ქონების დაცვა?! რა შინაარს გულისხმობს ან რომელი სამსახურია პასუხისმგებელი?!
კანონსაწინააღმდეგოა არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლისა და კოორდინაციის საქმიანობათა ნაცვლად ისეთი ჩანაწერების გაკეთება, როგორიცაა: “ქონების რემონტის”, “ქონების ტექნიკური მოვლის”, “ქონების დაცვის” და სხვა მრავალი ასეთი ტიპის (ანუ საქმიანობის პროცესის) უზრუნველყოფა. ვინაიდან ამ ტერმინებით შინაარსობრივად აბსოლუტურად სხვადასხვა ქმედებებია კანონით განსაზღვრული და რაზეც კანონი ასევე ცალსახად განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა როლს და პასუხისმგებლობას, რომლებიც არანაირად არ მოიაზრება გამგეობის სტრუქტურაში (მაგ: დაცვის სამსახური და სხვა). ასეთი შეუსაბამობები განსაკუთრებით მრავლად არის მოცემული გამგეობის ტერიტორიული ორგანოსა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამასახურების დებულებებში.
   დღეისათვის გაუგონარ “ფუფუნებად” მიგვაჩნია დუშეთის გამგეობაში კადრების განვითარებისა და მართვის სამსახურის 4 კაციანი სტრუქტურული ერთეულის შემოტანა: “საპენსიო ჩანაწერების”, “საკადრო რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემის შექმნის”, “სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის”, “სწავლების ეფექტურობის შემოწმების” და სხვა მსგავსი საკითხების უზრუნველსაყოფად.
  გაუმართლებელია რეორგანიზაციისას იმ მიზნის დასახვა, რომ გამგეობაში გვქონდეს 9 საშტატო ერთეულით წარმოდგენილი ქონების მართვის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური, ხოლო კანცელარიის სამსახური კი 10 საშტატო ერთეულით გვქონდეს განსაზღვრული. ჩნდება კითხვები: რა არის გამგეობის პრიორიტეტი _ დასაქმების პროგრამა გამგეობის გარეთ თუ გამგეობის შიგნით? გამგეობის ბიუროკრატიული სტრუქტურის გაძლიერება თუ მისი ოპტიმიზაცია დუშეთის რაიონის გაძლიერების მიზნით?
  შემოთავაზებულ მასალაში ვერ მივაგენით დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკრეტული თანამდებობების პირთა სამუშაოთა აღწერილობის განმსაზღვრელ დოკემენტებს. 2013 წლის 15 აპრილს დადებული ხელშეკრულების მიხედვით (რომელსაც ნაცვლად შესყიდვის ხელშეკრულებისა, რატომღაც შრომითი ხელშეკრულება ეწოდება?!), განსაზღვრულია სრული სარეორგანიზაციო პაკეტის შექმნა, რომელზე დაყრდნობითაც მოიაზრება შემდგომი საკონკურსო პროცესიც.
  სამწუხაროდ, გვაქვს შეცდომები ტერიტორიულ ორგანოთა შემადგენლობაში შემავალი დასახლებების დასახელებებშიც _ გვაქვს დუშეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არარსებული სოფლები, სამაგიეროდ გვაკლია ჩვენთან შემავალი სოფლები (ჩამონათვალში ისედაც 288 სოფლის ნაცვლად ფიგურირებს მხოლოდ 285 სოფელი).
   კანონშეუსაბამოა გამგეობის დებულებით განსაზღვრული გამგეობის თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, ასევე საკონკურსო ეტაპების ჩამონათვალი.
  არ მიგვაჩნია გამართლებურად სხვა კანონებიდან ზუსტი ციტირებებით რეგლამენტის გადატვირთვა ან რეგლამენტში მათი არასწორი ინტერპრეტაცია.
    აღარაფერს ვამბობთ იმ უამრავ შინაარსობრივ თუ ხარვეზიან ჩანაწერებზე, რომლებიც გვხვდება პროექტის დოკუმენტაციაში.
  ვფიქრობთ, საკითხის მნიშვნელობიდან, არსებული შენიშვნების სიმრავლისა და მათი შინაარსობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, არ არის მცირედითაც კი საკმარისი არც ჩვენი დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრა და არც საკრებულოს სხდომის 2 დღით გადაწევა.

  ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო ვთვლით, რომ პროცესის სამართლებრივად სწორად, შედეგზე ორიენტირებულობის უზრუნველსაყოფად აუცილობელია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:
• გამგეობის სამუშაო გეგმაში გარკვევა, პრიორიტეტების განსაზღვრა;
• არსებული სტრუქტურის სუსტი წერტილების გამოკვეთა მიზეზების გარკვევით (კანონით განსაზღვრული რა საქმიანობების განხორციელების საშუალებას არ იძლევა არსებული სტრუქტურა);
• რეორგანიზაციის პროცესის გარდაუვალობის შემთხვევაში, ადგილზე არსებული რეალობისა და მოთხოვნების ასახვა სარეორგანიზაციო დოკუმენტაციაში;
• კანონშესაბამისი სრული დოკუმენტაციის პაკეტის შემუშავება, სადაც ნათლად, მკაფიოდ, გასაგებად ჩამოყალიბდება პირველი სამი პუნქტით განსაზღვრული მოცემულობები;
• გადამუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოქვეყნება; განხილვის ოპტიმალური დროის პერიოდის განსაზღვრა-გამოქვეყნება;
• ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობისა და მათი მონაწილეობის გზით საჯარო განხილვის უზრუნველყოფა (მათ შორის საკრებულოს წევრებისაც);
• პროექტის საბოლოო შეჯერებული ვარიანტის განსაზღვრა და მხოლოდ შემდგომ საკრებულოსათვის წარდგენა.
03.06.2013 წელი
განმცხადებლები:

  ეს განცხადება ხელმოწერილია ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და წარედგინა გამგეობას, საკრებულოს და დეპუტატის ოფისს 03 ივნისს. 04 ივნისს შედგა ხელმომწერ ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა გამგებელთან, რეორგანიზაციის მასალის ავტორთან დავით ზარდიაშვილთან და ექსპერტ სანდრო სვანიშვილთან.
 შეხვედრისას გამოირკვა შემდეგი:
• სარეორგანიზაციო მასალის სხვადასხვა ვარიანტების არსებობა. მივიღეთ შეპირება, რომ გამოქვეყნდებოდა სამუშაო, საკრებულოსათვის გადაგზავნილი ვარიანტი;
• არ მომხდარა დუშეთის გამგეობის სტრუქტურის შესწავლა, შესაბამისად არ გაანალიზებულა მისი სუსტი მხარეები. შემოთავაზებულია სტრუქტურის ზოგადი ვარიანტი, სადაც არ არის ადგილობრივი მოთხოვნები გათვალისწინებული;
• არ არის შემუშავებული სრული პაკეტი (მაგალითად, არ არის განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაოთა აღწერილობა, და სხვა);
• არ არის მოცემული შტატების ზუსტი რაოდენობა, რის გამოც ბიუჯეტში მოსალოდნელი ცვლილებები უცნობია;

• არ არსებობს გამგეობის სამოქმედო გეგმა, აქედან გამომდინარე არ არსებობს პრიორიტეტები;
• მიზეზის დასახელების გარეშე ფაქტობრივად უარი გვეთქვა რეორგანიზაციის თემაზე საჯარო დისკუსიის გამართვაზე.

გამოგვეხმაურეთ     http://www.facebook.com/ucdge

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki