სოფლის განვითარების სტრატეგია

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში და სამოქალაქო სააგენტოს (CIDA) თანამშრომლობით მიმდინარე წლის 20-22 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის პროექტის საზოგადოებრივი კონსულტაციები. ეს შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში წარმომადგენლობითი იყო: გარდა ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებისა, შეხვედრაში ჩართული იყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორების, მედიის წარმომადგენლები და ფერმერები.

სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა 4 სესიად წარიმართა:

1, ეკონომიკური მიმართულება;

2, სოციალური მიმართულება;

3, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა;

4, გარემოს და ბუნებრივი რესურსების  მართვა.

 

სტრატეგიის სამუშაო ვერსია მოიცავს ზოგად, ფუნდამენტალურ პრინციპებს, კონკრეტული თემები და პროგრამები  კი მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გაწერილია სამოქმედო გეგმაში, რომელიც არ იყო წარმოდგენილი განხილვაზე. სოფლის განვითარების სტრატეგიის მიზანი სოფლის გაძლიერებაა არსებული პრობლემების დასაძლევად და სოფლის შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

შეხვედრაზე გაჟღერებული იქნა ზოგიერთი საყურადღებო ინფორმაცია:

  • აქცენტირება ხდება არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ ზოგადად სოფლის განვითარებაზე.
  • ENPARD-ის მიერ საქართველოში 2013-2020 წლებში განსახორციელებელი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თანხა შეადგენს 210 მლნ. ევროს. აქედან, პირველ ეტაპზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაიხარჯა 50 მლნ ევრო. 2016, 2017 წლებში ამ პროგრამით გათვალისწინებულია უკვე სოფლის განვითარების თვალსაზრისით  80 – 80 მლნ ევრო.
  • უაღრესად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის გასათვალისწინებელია ის ინფორმაცია, რომ ევროკავშირის 23 ქვეყანა პრიორიტეტულად მიიჩნევს და დახმარებას უწევს ახალგაზრდა ფერმერებს ბიზნესის საწყის ეტაპზე.
Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki