ყველანი ერთად _ ერიც და ბერიც

shexvedra meufestan kulturuli memekvidreobis temaze

   18 სექტემბერს დუშეთის სამრევლო სკოლაში, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოებრივი ჯგუფის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შესახვედრად მობრძანდა მეუფე ზოსიმე იმ პრობლემურ თემებზე სასაუბროდ, რომელიც ეხება ქალაქ დუშეთის ისტორიული ზონის ურბანული განვითარების საკითხებს.
   ეპარქმა ჩვენგან მოისმინა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ:
1. უახლოეს პერიოდში საკრებულოს განხილვისა და მიღებისათვის წარედგინება უკვე დასრულებული პირველი სამართლებრივი დოკუმენტი _ ქალაქ დუშეთის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის პაკეტის სახით;
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ასრულებს ჩვენი ქალაქის შენობებისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურას;
3. ხდება ისტორიული ქალაქის ურბანული ქსოვილის შესაბამისი ესთეტიური იერის გათვალისწინება ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
4. ჩვენი მრავალწლიანი შრომისა და მცდელობების შედეგად ქალაქი დუშეთი გაჩნდა საქართველოს და ევროპის კულტურული მემკვიდრეობის რუკებზე.
   მეუფე ზოსიმემ გაგვაცნო ინფორმაცია საეპარქოს ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მათ შორის გამახვილებული იქნა ყურადღება ქალაქ დუშეთის ცენტრში მიმდინარე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის გვერდით დაწყებული რეზიდენციის ერთსართულიანი შენობის მშენებლობაზე. დამსწრეთაგან გამოთქმული და შემდგომ ყველასაგან გაზიარებული იქნა აზრი იმის შესახებ, რომ საკათედრო ტაძრის გარშემო ტერიტორია არის საერთო სარგებლობის და უნდა გამოინახოს ფორმა მისი ერთობლივი მოვლის. ასევე სამომავლოდ გათვალისწინებული უნდა იქნას ის საკითხი, რომ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო კაპიტალური ხარჯი არის მისი მესაკუთრის მიერ გასაწევი ხარჯი და ის დროში არ უნდა ჩამორჩეს ტერიტორიის გარეთ მიმდინარე მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ერთიანი არქიტექტურული ანსამბლის დარღვევისა და ტერიტორიის შიგა და გარე პერიმეტრებზე ურბანული ქსოვილის სხვადასხვაობის ასაცილებლად.
   ეპარქმა ხაზი გაუსვა ქალაქის ამ ურბანული მემკვიდრეობის მნიშვნელობის საკითხს. აღნიშნა, რომ ადამიანები უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი ცოდნით, რაც საჭიროა შემდგომ ეტაპებზე ამ ქონების დაცვისა და მისი გონივრული გამოყენებისათვის.
   ყველაზე ღირებული – ადამინის სულის გაფრთხილების თანმდევ პროცესში, ამ შეხვედრით შემდგარი კომუნიკაცია ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შესაძლოა იყო კიდეც ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ საჭირო, სწორი და ყველასათვის შედეგიანი. მეუფის კურთხევით, ერისა და ბერის ერთმანეთის გვერდით დგომით, ჩვენ შევძლებთ სიყვარულით ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki